26 აპრილი 2024,   00:54
ვრცლად
პატიმარი დეკანოზის სკანდალური წერილი - თეოლოგი კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შინაარსზე საუბრობს

მამა გიორგი მამალაძე შესაძლოა, ციხეში მოკლან ან შეურაცხადად გამოაცხადონ - ეს სკანდალური განცხადება კურიერთან ინტერვიუში თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა გააკეთა.

თეოლოგს კურიერი მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გაზეთ ბათუმელებს ხმაურიანი ინტერვიუ მისცა და იმ საიდუმლო წერილზე ელაპარაკა, რომელიც მამა გიორგი მამალაძემ ციხიდან ოთხ მღვდელმთავარს გაუგზავნა

გამრეკელაშვილს საპატრიარქოში ბევრი სანდო წყარო ჰყავს. ის კულუარულ, ჯერ დაუდასტურებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ წერილი მძიმე ფაქტებს აღწერს და მღვდელი საუბრობს არაფორმალურ გარემოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ქცევაზე, რომლის ვიდეომასალაც მძიმე სანახავია.

წერილის გასაჯაროებას თეოლოგი აპოკალიფსს ადარებს.

მამა გიორგი მამალაძემ ციხიდან წერილი ოთხ მღვდელმთავარს გაუგზავნა. მეუფე პეტრე ცაავა, საბა ალავერდელი, ანდრია გვაზავა და მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი კი გზავნილის შინაარსის გახმაურებაზე კატეგორიულ უარს ამბობენ. ოთხიდან ერთი სასულიერო პირი მიანიშნებს, რომ წერილი მძიმე შინაარსისა.

მეუფე პეტრე ცაავა, რომელმაც წერილი წაიკითხა, წმინდა სინოდის სხდომაზე მამა გიორგი მამალაძის საქმის სასწრაფოდ განხილვას ითხოვს. მიტროპოლიტი ამბობს, რომ პატიმარი მღვდლის ორივე წერილი სასულიერო პირებმა უნდა წაიკითხონ და იმსჯელონ.

მეუფე პეტრეს ეშინია, რომ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი მღვდელი ვინმემ ეკლესიის დისკრედიტაციისთვის არ გამოიყენოს.

წერილი არ მიუღა, თუმცა, მისი შინაარსი ზოგადად იცის მეუფე ანტონმა. შოკისმომგვრელ ფაქტებზე საუბრისას წმინდა სინოდის წევრს სიტყვების მოძებნა უჭირს. მეუფე ანტონის აზრით, სიტუაციიდან გამოსავალი პატიმარი მღვდლის შეწყალებაა.

დღის ამბები