19 აპრილი 2024,   06:55
ვრცლად
მასშტაბური კიბერდანაშაული და უკანონოდ მოპოვებული ფული - დეპუტატ შალელაშვილის შვილის მიერ „ქართუ ბანკში“ გადარიცხულ ფულს აშშ-მ კონფისკაცია გაუკეთა

ფულის შესაძლო გათეთრება - „ქართუ ბანკში“ აღმოჩნდა ერთი და იგივე ადამიანის მფლობელობაში არსებული 23 ანგარიში, რომლებზე გადმორიცხულ სოლიდურ თანხებს ამერიკამ კონფისკაცია გაუკეთა. შეერთებულმა შტატებმა ეს თანხები არაკანონიერი გზით მოპოვებულად მიიჩნია.

თანხები "ქართული ოცნების" დეპუტატის, შოთა შალელაშვილის შვილს ეკუთვნოდა, რომელიც ამერიკაში მასშტაბური თაღლითობისთვის არის ბრალდებული. გამოძიების მიხედვით, მან თითქმის, ნახევარი მილიარდი დოლარი დააგროვა არაკანონიერი საშუალებებით, შემდეგ კი შავი ფულის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ბანკში გადარიცხა.

ნიუ-იორკის პროკურორმა დეტალურად ახსნა, როგორ ხელმძღვანელობდა გარი შალელაშვილი ჯგუფს, რომელმაც 2012-2015 წლებში ამერიკის ფინანსური ინსტიტუტებიდან 100 მილიონამდე ადამიანის პერსონალური ინფორმაცია ჰაკერული გზით მოიპოვა და ეს ინფორმაცია სხვა კრიმინალურ ბიზნესსქემებში გამოიყენა.

მისი ჯგუფი სპამების მეშვეობით იაფფასიანი კომპანიების აქციებს ძვირად ყიდდა, ამუშავებდა, მინიმუმ, 12 არალეგალურ ინტერნეტკაზინოს და ფულის გადახდის საშუალებებს არალეგალური ფარმაცევტული პროდუქტებისა და ვირუსული ინტერნეტპროგრამებისთვის.

პროკურორის თქმით, დეპუტატის შვილი მართავდა ბიტკოინების გადაცვლის არალეგალურ სერვისს, კოინ მიქსს, რომელიც ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევით ფუნქციონირებდა.

დეპუტატის შვილი და მისი თანამზრახველები ფულს ათეთრებდნენ 75 ჰოლდინგური კომპანიის, მსოფლიოს სხვადასხვა ბანკის საბანკო ანგარიშებისა და 200-მდე ყალბი პასპორტის დახმარებით.  

ინტერნეტ გამოცემა „ფინანსური ტელეგრამის“ სტატიაში შოთა შალელაშვილი შვილის დანაშაულებრივი სქემის ნაწილად არის მოხსენიებული და ნათქვამია, რომ ის წარსულში ისრაელში დაკავებულიც იყო. თუმცა პარლამენტარი შვლის საქმიანობასთან კავშირს არ ადასტურებს.

„პოსტსკრიპტუმის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ნიუ-იორკის სასამართლომ გარი შალელაშვილთან დაკავშირებული კომპანიების ანგარიშები დააყადაღა - ორი ანგარიში „ბაზის ბანკში“ და 23 ანგარიში „ბანკ ქართუში“.

P.S.-მა ასევე მოიპოვა დოკუმენტი, სადაც გარი შალელაშვილი თანახმაა, რომ ამერიკის მთავრობამ „ქართუ“ და „ბაზის ბანკიდან“ მის ანგარიშებზე არსებული საეჭვო თანხის კონფისკაცია მოახდინოს. ასევე აღიარებს, რომ ის ანგარიშის მფლობელი კომპანიების ბენეფიციური, ანუ საბოლოო მესაკუთრეა.

ერთადერთი ნიშანი, რომ მამის შვილთან კავშირით ქართველი სამართალდამცავებიც დაინტერესდნენ, სასამართლოს დოკუმენტია, რომლიც „კურიერმა“ საკუთარი წყაროს დახმარებით მოიპოვა. დოკუმენტის  მიხედვით, 2015 წელს პროკურატურამ შოთა შალელაშვილის ანგარიშები დააყადაღა.

დღის ამბები