25 აპრილი 2024,   20:52
ვრცლად
"ჩემს აღშფოთებას იწვევს როგორ, რა ხერხებით წაართვეს ხაზარაძეს ბანკი" - გრიგოლ ვაშაძე

"ჩემს აღშფოთებას იწვევს როგორ, რა ხერხებით წაართვეს ხაზარაძეს ბანკი" - ეს განცხადება ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ”ძალა ერთობაშია” ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის თქმით, აღმაშფოთებელია ის პროცესები, რაც TBC ბანკის გარშემო ვითარდება და მისი აზრით, ეს არის შეტევა ბანკისა და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ.

„გასაგებია, რომ ამ ე.წ. ხელისუფლებას არ სჭირდება არანაირი ცენტრი სხვა. არც სამოქალაქო საზოგადოება, არც დამოუკიდებელი ბიზნესი. ბიზნესის წართმევაზე ლაპარაკობდნენ 7 წელიწადი. სამედიცინო დიაგნოზია. ვერავინ ვერ დააბრალებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" რომ რამე კავშირი აქვს TBC ბანკთან ან ხაზარაძესთან, რომ ჩვენ იდეოლოგიური მოკავშირეები ვართ, რაიმე კავშირში ვიმყოფებით ან თუნდაც რაიმე სიმპათიები გაგვაჩნია ერთმანეთის მიმართ. მაგრამ როგორც საქართველოს მოქალაქემ, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ჩემ აღშფოთებას იწვევს როგორ, რა ხერხებით წაართვეს ხაზარაძეს ბანკი. ამას სხვა კვალიფიკაცია ადამიანმა არ შეიძლება მისცეს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 11 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე.

საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები