16 სექტემბერი 2019,   05:10
ვრცლად
დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება - 15 000 ხელმოწერის მიუხედავად, მოსამართლემ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გათავისუფლებაზე უარი თქვა

დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაში რჩება. მისი გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებული 15 000 ხელმოწერის მიუხედავად, მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გათავისუფლებაზე მაინც უარი თქვა. პროცესზე მოსამართლემ განმარტა, რომ შუამდგომლობა სათანადოდ წარმოდგენილი არ იყო. ნუნუ ნემსიწვერიძის აზრით, 15 ათასი ხელმომწერი სხდომაზე თავად უნდა მისულიყო და პირადად ეთქვათ მოსამართლისთვის, რომ კირკიტაძეს თავდებში უდგებიან.

მოსამართლეს დღეს დავით კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის 27 წევრმა მიმართა, თუმცა მოსამართლემ არც მათი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. გაერთიანებული ოპოზციის ლიდერის ადვოკატი აპირებს, რომ მომდევნო სასამართლო პროცესზე სხდომათა დარბაზში მიიყვანონ ის ათასობით ადამიანი, ვინც კირკიტაძეს თავდებში უდგება.

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე, რომელმაც დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო, ამ საქმეში პირველად გასული წლის დეკემბერში გამოჩნდა. სწორედ მან გასცა დავით კირკიტაძის დაპატიმრების სანქცია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი ის უვადო მოსამართლედ გაამწესეს.

დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა 12 მარტს გაიმართება, სადაც გათავისუფლების შუამდგომლობას ადვოკატი კიდევ ერთხელ, ამჯერად თავდები პირების მონაწილეობით დააყენებს.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები