16 აპრილი 2024,   22:43
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმი ენგურს გაღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საშვების გაცემას ართულებს

ენგურს გაღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიისთვის საოკუპაციო რეჟიმი სპეციალური საშვების გაცემას ართულებს.

დოკუმენტის მისაღებად გალში მაცხოვრებელ ადამიანებს სოხუმში მოუწევთ ჩასვლა. ერთი საშვის გაფორმება კი 1000 ლარამდე ჯდება. პროცესის ნაწილია სპეციალური გასაუბრება უშიშროების ოფიცერთან. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, რეზო ქობალიას, განმარტებით, ადგილობრივ მოსახლეობას ენგურის ხიდზე თავისუფალი მიმოსვლის საშუალება მხოლოდ აფხაზური ე.წ. მწვანე პასპორტის დახმარებით მიეცემათ.

„გადმოსვლა იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვისაც აქვთ პასპორტი, აფხაზური ე.წ. მწვანე პასპორტი, რომელიც არის 2016 წელს გაცემული, ასევე ფორმა #9 და ე.წ. საგარეო პასპორტები - მხოლოდ ამ დოკუმენტებით გადმოდიან. სხვა დოკუმენტები ყველაფერი არის გაუქმებული და მათ აქვთ საშუალება მხოლოდ სოხუმში, ოჩამჩირეში მიიღონ ეს დოკუმენტები. ერთადერთი არის ჩვენი საშუალება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რათა ეს მდგომარეობა განიმუხტოს და ადამიანებს, მოსახლეობას მიეცეს საშუალება თავისუფლად მიმოსვლის ენგურის ხიდთან, რათა მათ აუცილებელი საჭიროებები მოაგვარონ,“ - განაცხადა რეზო ქობალიამ.

ამასთან, ადგილობრივები საკვები პროდუქტების დეფიციტზე საუბრობენ. მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლების დახმარების მოლოდინში ამ პრობლემებით კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში უიმედოდ რჩება.

დღის ამბები