19 აპრილი 2024,   05:15
ვრცლად
საპატრიარქოს ვერდიქტი - ილია მეორის სამდივნომ პატიმარ დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა

პატრიარქის სამდივნომ პატიმარი მღვდლის შეწყალებაზე  საგანგებო ბრიფინგზე უარი თქვა და განმარტა, რომ დეკანოზი ეკლესიას აშანტაჟებს. საპატრიარქო შეწყალებაზე შუამდგომლობას არ აპირებს, მიზეზი კი მამა გიორგი მამალაძის სკანდალური წერილი და მისი ძმის პროტესტის ფორმა გახდა.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ყველა ის პირი, ვინც საპატრიარქოს პოზიციის წინააღმდეგია, ეკლესიის მტრად მოიხსენია.  

საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას მოწინააღმდეგეები უკვე გამოუჩნდნენ.

ბაღდადის და ვანის მიტროპოლიტისთვის არ არსებობს პატიმარი, რომლის შეწყალებაც არ შეიძლება. სწორედ ამიტომ ის მოითხოვს, რომ მამა გიორგის თავისუფლების საკითხი არა ერთპიროვნულად, არამედ სინოდის სხდომაზე განიხილონ.

სინოდის წევრი ერთ-ერთია 46 მღვდელმთავრიდან, რომელიც დეკანოზის თავისუფლებას მხარს დაუჭერს.

სასულიერო პირები არ მალავენ, რომ დეკანოზ მამალაძის საკითხი საპატრიარქოში განხეთქილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა შაბათის კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში ის შეხვედრა გაიხსენა, რომელიც ილია მეორესთან მისი გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ შედგა.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ პატრიარქი დაკავებული მღვდლის გათავისუფლების ინიციატორი თავად იყო, თუმცა, ის დააშანტაჟეს და გადაწყვეტილება შეხვედრის შემდეგ შეაცვლევინეს.

დეკანოზის ძმაც ადასტურებს, რომ საპატრიარქო პატიმარი მღვდლის შეწყალებაზე თანახმა იყო.

საქართველოს საპატრიარქოს შეწყალების თემაზე განცხადების გასაკეთებლად 10 დღეზე მეტი დასჭირდა. ილია მეორეს სამდივნოში იმ სკანდალური წერილის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც დეკანოზმა მამალაძემ ციხიდან გამოგზავნა და რომლის შინაარსიც გასაიდუმლოებულია.

საპატრიარქო წერილის გასაჯაროებას არ გეგმავს და პარალელურად, საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, საქმის დეტალებზე, რომელსაც საიდუმლო გრიფი ადევს, ღიად ისაუბროს.

პროკურატურამ სამდივნოს დოკუმენტების გასაჯაროებაზე უარი უთხრა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები