18 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
რუსები გვეუბნებიან, რომ სხვა შეთანხმება იყო და თუ მას დავარღვევთ, მათი მხრიდანაც სიურპრიზები იქნება - ხარშილაძე კრემლის მუქარაზე 

რუსეთის საგარეო უწყებისა და თავდაცვის სამინიტროს მუქარის შემცველ გზავნილებს ანალიტიკოსები ეხმაურებიან. ექსპერტების თქმით, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კუთხით ჩვენმა ქვეყანამ უფრო ქმედით ნაბიჯები უნდა გადადგას, რაც იქნება რუსეთისთვის პასუხი.

GSAC-ის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე კარასინისა და შოიგუს განცხადებებს ირანთან დაწყებულ თემებსა და ბოლტონის საქართველოში ვიზიტს უკავშირებს. ის ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთისა და ამერიკისთვის ერთმანეთისგან განსხვავებული დაპირებები აქვს მიცემული.

„განცხადებას ცოტა სხვა კონტექსტი აქვს. ეს არის, ჩემი აზრით, ირანთან დაწყებული თემები და ბოლტონის ვიზიტი საქართველოში, რომლის მიხედვითაც, ამერიკა საქართველოდან, როგორც სტრატეგიული პარტნიორისგან, მოელის მისთვის დახმარების გაწევას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველომ აშშ-ს ასეთი შეპირება გაუკეთა. როგორც ჩანს, მოსკოვში სხვა დაპირებები აქვთ გაკეთებული და ახლა ბატონ ბიძინას ორი ურთიერთგამომრიცხავი დაპირება აქვს მიცემული ამერიკისთვის და რუსეთისთვის. რაღაც მომენტში ამის ბალანსირება შეუძლებელი ხდება. რუსები ამით გვეუბნებიან, რომ ძალიან კარგად იციან, ჩვენ რას ვლაპარაკობთ ამერიკელებთან და ახსენებენ იმას, ვისაც შესახსენებელი აქვს, რომ სხვა შეთანხმება იყო და თუ ის დაარღვევს, მათი მხრიდანაც სიურპრიზები იქნება,“ - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას შეფასებით, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პოლიტიკა საქართველოს მთავრობის მხრიდან კიდევ უფრო აგრესიული უნდა იყოს.

სახიფათო გზავნილი და მუქარა კრემლიდან, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყება და თავდაცვის სამინისტრო ახმოვანებენ. გრიგორი კარასინი ქართულ მხარეს არასასიამოვნო მოულოდნელობებს უწინასწარმეტყველებს. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პრაღაში, ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, თუმცა კარასინი არ აკონკრეტებს რა არასასიამოვნო მოულოდნელობას უმზადებს რუსეთი საქართველოს. დაუკონკრეტებია, რა არასასიამოვნო მოულოდნელობებს გულისხმობს.

მუქარის განცხადება დღეს რუსეთის თავდაცვის უწყებაშიც გაკეთდა. სამინისტროს კოლეგიის დღევანდელ სხდომაზე სერგეი შოიგუმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის რღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთი იძულებულია საპასუხო ზომები მიიღოს. შოიგუს თქმითვე, მოსკოვი გააძლიერებს სამხედრო დანაყოფებს ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში.

ამავე თემაზე
დღის ამბები