23 აპრილი 2024,   19:20
ვრცლად
აქცია ეროვნულ ბანკთან - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ნანოკრედიტის” დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ნანოკრედიტის” დაზარალებულებმა დღეს ეროვნული ბანკის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

მეანაბრეების მტკიცებით, დაზარალებულები უკვე რამდენიმე თვეა კუთვნილ თანხას ვერ იბრუნებენ, ვინაიდან ორგანიზაცია გაუქმდა და მისმა მფლობელებმა საქართველო დატოვეს.

როგორც აქციის მონაწილეები ყვებიან, მითვისებულია რამდენიმე ათეული მეანაბრის ასობით ათასი დოლარი. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. მეანაბრეები მათი კუთვნილი თანხის დაბრუნებას ითხოვენ. 

„2018 წლის ბოლოს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საერთოდ საქართველოდან გაუქმდა როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელობა აღარ იმყოფება საქართველოში და ის ვალდებულებები, რომლებიც ჩვენს მიმართ აქვთ შესასრულებელი, რომ დაგვიბრუნოს ჩვენი თანხები, ამაზე არავინ არ არის პასუხისმგებელი, არც ეროვნული ბანკი არაფერს გვიკეთებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საერთოდ აღარ არიან, არც ფინანსური პოლიცია გვეხმარება, არც პროკურატურა და არავინ,“ - განაცხადა დაზარალებულმა.

დღეს დაზარალებულებმა ეროვნულ ბანკს განცხადებითაც მიმართეს და მიკროსაფინანსო კომპანიის მფლობელებთან შუამდგომლობის გაწევა სთხოვეს. დროული და ეფექტური გამოძიების არარსებობის და ეროვნული ბანკისგან მხარდაჭერაზე უარის შემთხვევაში დაზარალებული მეანაბრეები საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

„თაღლითური სქემა იკვეთება, რომ გარკვეულ თანხებს აგროვებდა ეგ ადამიანი, დირექტორი ამ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა“ და გარკვეულ ზღვარზე, რომ მივიდა და შეაგროვა რაღაცეები - საერთოდ გაიქცა საქართველოდან. მთავარი მოთხოვნა არის მოიძებნოს ის კაცი, ჩამოვიდეს საქართველოში და შეასრულოს თავისი ვალდებულებები,“ - ამბობს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.

დღის ამბები