20 აპრილი 2024,   03:55
ვრცლად
ინვესტიციების განხორციელება ეჭვქვეშ დგება - TBC ბანკზე თავდასხმამ შესაძლოა ანაკლიის პროექტი შეიწიროს

თიბისის შემდეგ ანაკლიის პორტი - საუკუნის პროექტად წოდებული მილიარდიანი პროექტის შეჩერების საფრთხის წინაშეა, რაც შესაძლოა, ლარის გაუფასურების მთავარი ფაქტორი გახდეს.

უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე არ მალავენ სკეპტიკურ განწყობას და არ გამორიცხავენ პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილების გაუქმებას.

TBC ბანკზე ხელისუფლების იერიშმა შესაძლოა ანაკლიაც დააზარალოს. კონსორციუმში, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე პირველ ქართულ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, მძიმე შედეგებს უკვე ელოდებიან. ანაკლიის პროექტის მენეჯერი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მთავარმა ინვესტორებმა, რომლებიც მილიარდიან პროექტში ინვესტიციების ჩადებას აპირებდნენ, საკუთარ გეგმებს გადახედონ და ანაკლიის პორტის მშენებლობას პრობლემები შეექმნას.

საფრთხეებზე, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას ხელისუფლების იერიშის გამო ემუქრება, დღეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი საქართველოში ამერიკის ელჩს ესაუბრა. ფადი ასლი ამბობს, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ქვეყნის საინვესტიციო გარემო ეწირება, რაც თითოეული მოქალაქეს დააზარალებს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიზანი არა მხოლოდ TBC  ბანკის დაზარალება, არამედ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება იყო. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ პირდაპირ ამბობენ, რომ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაშლა ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესია. ოპოზიცია პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საგანგებო მოსმენის ჩანიშვნასა და დავით ზალკალიანისა და მაია ცქიტიშვილის დაბარებას ითხოვს.

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ TBC  ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ანაკლიის პროექტს ვერ შეაფერხებს.

ამ ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით 6 საერთაშორისო ორგანიზაციაა დაინტერესებული. თუ ისინი შექმნილი ვითარების გამო მოლაპარაკებებს ჩაშლიან ან შეაჩერებენ, პროექტის განხორციელება გაურკვეველი ვადით შეფერხდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები