19 აპრილი 2024,   01:40
ვრცლად
„აიცილე მურუსიძე“ - ახალი საპროტესტო ტალღა უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა ნაწილის მიმართ

ახალი საპროტესტო ტალღა საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეების მიმართ - ადვოკატები, რომლებიც არ ენდობიან უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა ნაწილს, სასამართლო პროცესებზე მათ აცილებას მოითხოვენ. 

აიცილე მურუსიძე“ - ამ საპროტესტო აქციის ინიციატორი ადვოკატიო გიგი სისვაძეა. გუშინ მან სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ლევან მურუსიძე ხელმძღვანელობდა, შუამდგომლობა დააყენა და მოსამართლის აცილება ითხოვა. იმედი აქვს, რომ სასამართლოს რუხ კარდინლად წოდებულ მოსამართლეებს უნდობლობას ადვოკატთა მთელი კორპუსი გამოუცხადებს.

ერთი იურისტის აგორებული კამპანიას უკვე 30-მდე მხარდამჭერი ადვოკატი ჰყავს. მალე საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეების წინააღდეგ მიმდინარე აქციას პეტიციის სახე ექნება. უფლებადამცველი თვლის, რომ მართლმსაჯულებას სწორედ ისინი განსაზღვრავენ და ლეგიტიმური უფლება აქვთ აიცილონ მოსამართლეები, რომელთა მიმართაც ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ადვოკატების ეს ინიციატივა ღიმილს ჰგვრის. გიორგი მიქაუტაძე კი მიიჩნევს, რომ ადვოკატების წამოწყება სასაცილოა და მათ საპროცესო კოდექსის წაკითხვას ურჩევს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს და მოსამართლის აცილების საფუძვლებს ყველა სხვადასხვანაირად კითხულობს. საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, რომელიც მხარს უჭერს ადვოკატების კამპანიას ამბობს, რომ მოსამართლეების მიმართ გაჩენილი უნდობლობა, სამართლებრივი საფუძველია, რომ ისინი საქმეებს ჩამოშორდნენ.

უახლოეს მომავალში მზად იქნება პეტიცია და გაირკვევა ადვოკატთა კორპუსის რა ნაწილი უჭერს მხარს კამპანიას - „აიცილე მურუსიძე“.

ამავე თემაზე
დღის ამბები