18 აპრილი 2024,   06:00
ვრცლად
თბილისში პარკირება ძვირდება - ქალაქის ისტორიულ ნაწილში მძღოლებს მანქანის პარკირებისთვის საათში 50 თეთრის გადახდა მოუწევთ

თბილისში პარკირება ძვირდება - მერიის გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან, პირველ ეტაპზე დედაქალაქის ისტორიულ უბნებში, ავტომობილის დგომის საფასური მნიშვნელოვნად მოიმატებს.

მძღოლებს ქალაქის ისტორიულ ნაწილში, მანქანის პარკირებისთვის საათში 50 თეთრის გადახდა მოუწევთ. პარკირების ახალი წესები, თავდაპირველად ძველ თბილისში ამოქმედდება და შემდეგ დედაქალაქის ყველა უბანზე გავრცელდება. შეღავათები ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.

მერიის ახალი ინიციატივა მძიმე მდგომარეობაში იმ თვითდასაქმებულებს აყენებს, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან. ქალაქის ისტორიულ ნაწილში საპარკინგე ადგილები ძირითადად ტურისტული კომპანიების მანქანებს აქვთ დაკავებული. ახლა მათ აქ დგომისთვის დამატებით თვეში 100 ლარი უნდა გადაიხადონ, ამბობენ, რომ ფინანსური ტვირთი მძიმეა. 

თბილისის მერიის ახალი ინიციატივა უკვე გახდა დაპირისპირების მიზეზი თბილისის მერსა და ოპოზიციას შორის. თბილისის საკრებულოს დეპუტატების განცხადებით, მაშინ როდესაც მერია თბილისში პარკირების ახალი ადგილების გამოყოფას ვერ ახერხებს, გადასახადების გაზრდა დაუშვებელია.

ავტომანქანის პარკირების გაზრდილი გადასახადით მერიას იმედი აქვს, რომ თბილისში საცობების პრობლემას მოაგვარებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები