19 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
თბილისის გენგეგმა - ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით კალაძე და მისი მოადგილე განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ

დედაქალაქის გენგეგმა თბილისის მერსა და ოპოზიციას შორის კვლავ დაპირისპირების მიზეზი ხდება. თბილისის საკრებულოს ოპოზიცია კახა კალაძეს ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, რეკრეაციული ზონის გაშენების დაპირებას ახსენებს და განმარტებას მოითხოვს, თუ რატომ არ მოხვდა ეს პროექტი ქალაქის ახალ გენგეგმაში.

ოპონენტების პასუხად კი კახა კალაძე ამბობს, რომ ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გრძელდება და რამდენიმე ვარიანტი განიხილება. 

გენგეგმის საბოლოო ვარიანტი უკვე შემუშავებულია და ის მერიიდან განსახილველად და დასამტკიცებლად საკრებულოში დღეს გადააგზავნეს. თუმცა, კალაძემ არ იცის, რა სტატუსი ექნება ელიავას ტერიტორიას, იქნება თუ არა მთლიანად რეკრეაციული ზონა. თბილისის მერის თქმით, შესაძლოა, მთლიანად ბაზრობის გადატანა მოხდეს ან ადგილზე თანამედროვე ტიპის სავაჭრო ცენტრი აშენდეს.

„ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, ერთი არის ბაზრობის მთლიანად გადატანა და ამისთვის დედაქალაქის მთავრობა, მუნიციპალიტეტი მზად არის შექმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მეორე მიმართულება არის ის, რომ მოხდეს თანამედროვე, ევროპული ტიპის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. დედაქალაქის მთავრობა ყოველთვის გამოდის ქალაქის ინტერესებიდან, მაგრამ ამავდროულად იცავს, რა თქმა უნდა, კერძო საკუთრების უფლებებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერისგან განსხვავებულ ვერსიას ჰყვება მისი მოადგილე, რომელიც ამბობს, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციულ ზონასთან ერთად საწარმოო ზონა განვითარდება.  

„ტერიტორია დიდია, შესაბამისად, მისი ერთი ნაწილის რეკრეაციული მიზნით განვითარება, ხოლო მეორე ნაწილის საზოგადოებრივი საქმიანი ფუნქციით განვითარება. მაგრამ ისე, რომ ამან საფრთხე არ შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას,“ - განაცხადა ბითაძემ.

თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობა ხანგრძლივი დებატების შემდეგ დღეს დასრულებულად გამოცხადდა, თუმცა მასში კახა კალაძის დაპირებების ნაწილი ასახული არ არის.

ამავე თემაზე
დღის ამბები