25 აპრილი 2024,   16:15
ვრცლად
ყავაში ვინ რას ჩაუხედავს და შემდეგ მთავრობის სხდომაზე რას მოჰყვება, მთავრობის წევრებმაც კი არ იციან - ხაბეიშვილი კალაძეზე 

ელიავას ბაზრობის ტერიტორიასთან დაკავშირებით ოპოზიცია თბილისის მერიისგან განმარტებებს მოითხოვს.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თბილისის მერს, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, რეკრეაციული ზონის გაშენების დაპირებას ახსენებს და განმარტებას მოითხოვენ, თუ რატომ არ მოხვდა ეს პროექტი ქალაქის ახალ გენგეგმაში.

ელიავას ბაზრობის ტერიტორიასთან დაკავშირებით ამ დრომდე არარსებული გეგმის გამო თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერი გააკრიტიკა.

„კალაძემ კი არა მისმა თანამდებობის პირებმაც კი არ იციან, მთავრობის წევრებმა, რას აპირებს დედაქალაქის მერი და საკრებულოს დეპუტატებს, მათ შორის, ოპოზიციას გვიჭირს მკითხაობა იმიტომ, რომ  ყავაში ვინ რას ჩაუხედავს და შემდეგ მთავრობის სხდომაზე რას მოჰყვება, მართლა უცნაური ამბავია,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისის“ თავმჯდომარის მოადგილე, დავით ჟღენტი აცხადებს, რომ თბილისის მერიის წარმომადგენლებს ელიავას ბაზრობის ტერიტორიასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვხედავთ მართლაც განსხვავებულ პოზიციას ქალაქ თბილისის მერიიდან, სადაც იძახიან, ერთი ნაწილი უნდა იყოს რეკრეაცია, ერთი ნაწილი უნდა იყოს საწარმოო ზონა. ჩვენ გვაინტერესებს დეტალური განმარტება თბილისის მერიისგან, თუ რატომ განახორციელეს ამ მიდგომებთან დაკავშირებით კონკრეტული ცვლილებების შეტანა, რა კვლევებს, რეკომენდაციებს ეყრდნობა ეს ყველაფერი,“ - განაცხადა დავით ჟღენტმა.

თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობა ხანგრძლივი დებატების შემდეგ დღეს დასრულებულად გამოცხადდა, თუმცა მასში კახა კალაძის დაპირებების ნაწილი ასახული არ არის.

კახი კალაძე ამბობს, რომ ამ თემაზე მოლაპარაკება გრძელდება, მისი მოადგილე კი ჟურნალისტებთან განსხვავებულ ვერსიას ყვება და ამბობს, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციულთან ერთად საწარმოო ზონა მოეწყობა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები