25 აპრილი 2024,   07:37
ვრცლად
„დეპუტატის ჯგუფური სექსი“ - "გირჩის" სამართლებრივ-პორნოგრაფიული ექსპერიმენტი და დეპუტატები, რომლებმაც ვიდეო გახსნეს

„დეპუტატის ჯგუფური სექსი“ - ამ სახელწოდების წერილი „გირჩის“ ლიდერმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნა.

ჯაფარიძის იდეა შემდეგში მდგომარეობდა - თუ პარლამენტის წევრი, ამ სათაურით გაგზავნილი ვიდეომასალით დაინტერესდებოდა და მას გახსნიდა შეტყობინებას ავტომატურ რეჟიმში „გირჩის“ ოფისში მიიღებდნენ.

ზურაბ ჯაფარიძე გაოცებას ვერ მალავდა, როდესაც შეტყობინება მიიღო, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ბმული გახსნა და ფაილი სახელწოდებით „დეპუტატის ჯგუფური სექსი“ მის კომპიუტერში ჩამოტვირთა.

„დეპუტატის ჯგუფური სექსი“ რეალურად გამოგონილი სათაური იყო და ზურაბ ჯაფარიძის მიერ „ოცნების“ დეპუტატებისთვის გაგზავნილ ვიდეომასალაში უნგრელი პორნოვარსკვლავი ჩანდა, რომელმაც კარიერა პოლიტიკაში გააგრძელა და უნგრეთის პარლამენტის წევრი გახდა.

დავით მათიკაშვილი ადასტურებს, რომ გზავნილი სათაურით „დეპუტატის ჯგუფური სექსი“ ნამდვილად მიიღო, თუმცა ამტკიცებს, რომ ფაილი სამართალდამცველების თანდასწრებით გახსნა.

ზურაბ ჯაფარიძეს სისტემამ უჩვენა, რომ დეპუტატმა ვიდეო ღამის პირველის ნახევარზე ჩამოტვირთა. მათიკაშვილი ამტკიცებს, რომ ამ დროს პარლამენტში იყო და პოლიციაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ღამით გამოიძახა.

ამ ექსპერიმენტით ზურაბ ჯაფარიძემ იმის დამტკიცება სცადა, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. პოლიციას შეუძლია რიგითი მოქალაქეები სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ნახვისთვის დააკავოს, პარლამენტის წევრებს კი ამის გამო არანაირი სასჯელი არ დაეკისროთ.

ანა აროშიძე ერთ-ერთია, ვინც პოლიციამ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების ბრალდებით დააკავა. ახალგაზრდა 1000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. ჯაფარიძის ექსპერიმენტის შემდეგ ის შერჩევით სამართალზე საუბრობს.

პოლიციამ დღეს დავით მათიკაშვილის ვერსია დაადასტურა და თქვა, რომ გამოძახება მოხდა. დამადასტურებელი საბუთი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ წარმოუდგენია.

დღის ამბები