20 აპრილი 2024,   07:23
ვრცლად
პარკი ელიავას ბაზრობის ნაცვლად - თბილისის მერის ეს დაპირება არ შესრულდება 

დედაქალაქის მერის დაპირება, რომ ელიავას ბაზრობის ნაცვლად პარკი იქნება, აღარ შესრულდება. „კურიერის“ ინფორმაციით, ბაზრობის ტერიტორიას არა რეკრეაციული, არამედ საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ეს სტატუსი ტერიტორიის მფლობელს სანაპიროზე, სხვადასხვა შენობის აშენების საშუალებას აძლევს. თბილისის მერი, კახი კალაძე ამბობს, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ რა იქნება ელიავას ბაზრობის ნაცვლად.

ელიავას ბაზრობის ტერიტორიის დიდ ნაწილს შპს "სანაპირო" ფლობს. ბიზნეს ჯგუფი აპირებს ელიავას ბაზრობის ნაცვლად რეგიონული სავაჭრო ცენტრი ააშენოს. ტერიტორიის მფლობელებისთვის მნიშვნელოვანია, ბაზრობის ნაცვლად ისევ სავაჭრო ობიექტის აშენების უფლება მისცენ და მზად არიან, რომ თუ მერს არსებული პროექტი არ მოეწონება, შეცვალონ.

საკრებულოში დარწმუნებულები არიან, რომ ელიავას ბაზრობაზე პარკი არ გაშენდება და ეკოლოგიურად ყველაზე დაბინძურებულ ადგილას, ისევე სავაჭრო ობიექტები განთავსდება. ოპოზიცია ამბობს, რომ კახი კალაძე თბილისელები მოატყუა მაშინ, როდესაც სანაპიროზე პარკის აშენებას დაჰპირდა.

მოლოდინები არ გაუმართლდათ სამოქალაქო სექტორშიც. ორგანიზაციები, რომლებიც წლებია დედაქალაქში გამწვავების პრობლემაზე საუბრობენ, ფიქრობენ, რომ მოქალაქეების ინტერესებზე მაღლა კალაძემ ბიზნეს ინტერესები დააყენა.

თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმის საბოლოო პროექტი უკვე საკრებულოშია. დოკუმენტის განხილვა მერიის ზედამხედველ ორგანოში მომდევნო კვირიდან დაიწყება.

დღის ამბები