20 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
შეგიძლიათ, წაბრძანდეთ, სანამ კარისკენ მიგითითებთ - პოეტი დავით მაღრაძე "ქართულ ოცნებას" მიმართავს

„თუ თავაზიანობა და მოკრძალება დაკარგეთ, შეგიძლიათ, წაბრძანდეთ პოლიტიკური სივრციდან, სანამ მიგითითებთ კარისკენ,“- ასე მიმართა მმართველ პარტიას პოეტმა დავით მაღრაძემ.

მან TV პირველის გადაცემა „პოლიტმეტრში“ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. პოეტის თქმით, ხელისუფლება გზიდან გადავიდა. დავით მაღრაძე, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, ვარაუდობს, რომ თუკი მმართველი ძალა საზოგადოებას არ მოუსმენს, პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდება.

პოეტმა სატელევიზიო ეთერით ხელისუფლებას მიმართა და ურჩია, რომ თუ მოკრძალება დაკარგეს, შეუძლიათ პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კარისკენ მოსახლეობა მიუთითებს.

„მე ვფიქრობ, რომ ისევ იმ გზაზე ვდგავარ, რა გზაზეც ვიდექი და თუ ხელისუფლება გადავიდა ამ გზიდან, ეს გაუგებრობა და პროტესტი გაიზრდება. მთელი სიმძაფრითაც გაიზრდება. რაც უფრო მეტად ჩათვლიან, რომ იგნორირება უნდა გაუწიონ საზოგადოებას და მოსახლეობას, მით უფრო გამძაფრდება ეს პროტესტი. ამ პროტესტს მე არ ვამძაფრებ, ამძაფრებს ხელისუფლება. არ ვიცი, რა ამპარტავნებაშია შესული, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, უთქვენოდაც მაგრები ვართ და ჩვენ ამომრჩეველი საერთოდ არ გვჭირდება და ჩვენ მარტოებიც გავალთ არჩევნებზეც. როგორც მხედარმთავარი, მაკედონელიც კი, არავისთან პარალელს არ ვავლებ, ვერ გაიმარჯვებდა ჯარის გარეშე, ისე პოლიტიკოსი არჩევნებს ამომრჩევლის გარეშე ვერ იგებს. არ უნდა ამდენი ბრექი და ჯგიმი პოლიტიკაში ყოფნას,“- განაცხადა დავით მაღრაძემ.

მმართველ გუნდში დაპირისპირება გრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის არიან ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე. წასულების ადგილის შევსებას კი „ქართული ოცნების“ლიდერები ახალი სახეებით ცდილობენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში დიდი გადალაგება, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება, როდესაც ეკა ბესელია ოფიციალურად გააკეთებს განაცხადს, რომ ის ფრაქციის შექმნას აპირებს. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობას "სოციალ-დემოკრატებიც" დატოვებენ და ცალკე ფრაქციად დაიწყებენ მუშაობას.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები