25 აპრილი 2024,   19:32
ვრცლად
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - ბრალდებულების დაკავების პროცესი 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავების პროცესი ადგილზე 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. როგორც „რუსთავი 2“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

უწყებაში დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ და ამ დროისთვის, უცნობია, რამდენი პირია დაკავებული.

„კურიერის“ ინფორმაციით, სპეცოპერაცია ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით რამდენიმე პირის დასაკავებლად ტარდება.

ადგილზე, სადაც სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, ხმაურია. „კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახის წევრები სამართალდამცავებს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებენ.

„დიდი ხანია უკვე, ერთ სამი-ოთხი საათია, აქ იყვნენ. ვინც ასეთი საქმით დაკავებულია, ყველა დასაჭერია, უნდა დაიჭირონ. იმიტომ, რომ შვილიშვილის ქუჩაში გაშვების მეშინია. დანარჩენი, აქ რა მოხდა, რაზე იყვნენ, რა ნახეს, ვინ დაიჭირეს, არაფერი არ ვიცი,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დღის ამბები