19 აპრილი 2024,   02:43
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა სკოლაში - კასპში სკოლის მოსწავლემ თანაკლასელი დაჭრა

სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული კამათი სისხლიანი გარჩევით დასრულდა. რა გახდა კასპის რაიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოზარდების დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. კონფლიქტი საკლასო ოთახში დაიწყო. მომხდარს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავდა, რომლებმაც კონფლიქტის მონაწილეები გააშველეს. 

ინციდენტი გუშინ სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებამდე მოხდა. ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა.

დაჭრილი კლინიკაში მოათავსეს. ის ამ დროისთვის კი უკვე სახლში იმყოფება. რაც შეეხება დაჭრილის მეგობარს, ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

„კურიერის“ გადამღები ჯგუფი დაჭრილის ოჯახში იმყოფებოდა. მოზარდმა ჟურნალისტთან ინციდენტის შესახებ საუბარი არ ისურვა. მისი თქმით, ის სამართალდამცველებმა დაკითხეს. მშობლების განმარტებით, დაჭრის ფაქტის შესახებ მათ მას შემდეგ გაიგეს, რაც დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და მომხდარის შესახებ სამართალდამცველებმა აცნობეს. 

„დარეკეს, ბავშვი ასეაო. წამოვედი გულგახეთქილი, როგორ მოვედი, არ ვიცი. ბავშვი საწოლში იწვა,“ - აცხადებს მოსწავლის მშობელი.

ინციდენტის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებებს არ აკეთებენ.

 

დღის ამბები