19 აპრილი 2024,   09:09
ვრცლად
თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე განიხილეს

საკრებულოში თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მერია 62 მილიონის სესხებას და თანხის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯვას გეგმავს. ოპოზიცია კი მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე მოუთითებს.

უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ თანხის სესხების მიზანი, რომელსაც კერძო ბანკებისგან აიღებენ და რომელიც შემდგომ ცენტრალური ბიუჯეტიდან დაიფარება, არის ის, რომ ქალაქში სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად განხორციელებულიყო.

ბიუჯეტის განხილვამდე საკრებულოს წევრებმა განცხადებები გააკეთეს, რასაც ოპოზიციასა და უმრავლესობა შორის კამათი მოჰყვა.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა "სითი პარკთან" დაკავშირებით, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებული განცხადებები შეახსენა.

„კალაძეც ამბობდა, რომ საპარკინგე ადგილებს არ ქმნისო "სითი პარკი" და მილიონობით ლარს აკეთებსო. ჯარიმები იმდენიაო, რომ კისერზე აწვება თბილისელებსო და პრობლემა არისო. საურავები ძალიან მაღალიაო და ამას ვერ იხდიანო თბილისელები და პრობლემა არისო ეს მიმართულება. ასევე ამბობდით, რომ საჯარიმოზე გადაჰყავდათ ავტომობილები და ატყავებენო თბილისელებსო. ამიტომ დაუჭირა თბილისმა მხარი კახი კალაძის ინიციატივას, რომ "სითი პარკი" გასულიყო. საბოლოო ჯამში რა მივიღეთ? არც ერთი საპარკინგე ადგილი არ დამატებია თბილისს. ჯარიმა არის აბსოლუტურად იგივე, საურავიც არის იგივე, ავტომობილებიც გადაჰყავთ აბსოლუტურად იგივენაირად. უბრალოდ, სერვისზე ამბობთ, რომ ფასი უნდა გაიზარდოს. საკრებულოს დეპუტატები რომ ვართ, რატომ უნდა დავუჭირო ახლა მხარი ბიუჯეტს, სადაც 3,7 მილიონი ლარით იზრდება დანა-ჩანგლის ხმარებას რომ ასწავლიან იმ სამსახურის დაფინანსებას,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის ამ განცხადების საპასუხოდ, თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ „სითი პარკის“ გაშვების მიზეზზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  კომპანია საკუთარ ვალდებულებებს, რომელიც მას აღებული ჰქონდა, არ ასრულებდა.

„სითი პარკი ჩვენ გავაგდეთ იმიტომ რომ ის ვალდებულებებს არ ასრულებდა, რაც მას ჰქონდა აღებული. მეორე საკითხი, მან კი არ დახაზა, ბიზნეს მოდელი ჰქონდა შექმნილი, თბილისელების ხარჯზე როგორ დაეჯარიმებინა ხალხი და როგორ გაეკეთებინა ამაზე ფული“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს სხდომაზე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა, დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილისთვის 1 ლარად გადაცემული მიწის ფართობი შეახსენა.

„მოგმართავთ თქვენ, ბატონ ბიძინას რომ გადაეცით ერთ ლარად პუშკინის სკვერი. აი იმასთან დაკავშირებით მინდა ისევ მოგახსენოთ, რატომ არ გაკეთდა მანდ პარკინგი და დღეს შენობა რომ არის აშენებული, უხერხულია ნამდვილად ბატონო გიორგი, ერთ ლარად მილიარდელს რომ გადასცემთ ქონებას, უხერხულია ნამდვილად. ფარცხალაძეს რომ გადასცემთ ქონებას, ნაზღაიძეს რომ გადასცემთ ქონებას, ბიძინას, ჩხეტიას „ქართუ ფონდის“ დირექტორის დედას. როგორო არაფერი არ იცით? შეგახსენებთ, რომ არჩეული თანამდებობის პირები ხართ და თქვენ ნოტარიუსებათ არავის არ აურჩევიხართ," - განაცხადა ლიპარტელიანმა. 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ლალი ლიპარტელიანი ამ განცხადების გამო შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა.

„ვის რა ქონება გადავეცით, რეებს ლაპარაკობთ, რა ნოტარიუსი, რა შეურაცხყოფებს გვაყენებთ, გქონდეს ან ზრდილობა, ან კომპეტენცია. მერე გეწყინება რაღაცა. მაკონტროლებელი ვართ და ჩვენ ფუნქციას ვასრულებთ,“ - აღნიშნა ტყემალაძემ.

დღის ამბები