20 აპრილი 2024,   01:56
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა სკოლაში - 16 წლის მოზარდი თანაკლასელმა საკლასო ოთახში დაჭრა

სისხლიანი გარჩევა საკლასო ოთახში - 16 წლის მოზარდი, რომელსაც კლასელების თვალწინ თანატოლი გაუსწორდა, კლინიკაში დანით მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს.

მოზარდს სკოლაში მომხდარ დაპირისპირებაზე საჯაროდ საუბარი არ სურს. მისი თქმით, დეტალები გამოძიებას უკვე უამბო და ახლა რეაგირებას პოლიციისგან ელოდება.

შვილის დაჭრის გარემოებებზე კამერასთან არც არასრულწლოვნის დედა საუბრობს. მოზარდის მშობელი არც იმას აკონკრეტებს, იყო თუ არა მისი შვილი სკოლაში ბულინგის მსხვერპლი.

ის, რასაც კასპის რაიონის ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასელი და მისი მშობელი არ ყვებიან, გაარკვია „კურიერმა.“ წყაროს ინფორმაციით, კლასელებს შორის უთანხმოება ოთხშაბათს საღამოს დაიწყო და გუშინ დილით გაგრძელდა. მოზარდებმა სასწავლო პროცესის დაწყებამდე საკლასო ოთახში იჩხუბეს, რა დროსაც ერთმა მეორე დანა დაარტყა. მოზარდი, რომელსაც დანა ჰქონდა, ახლა დაკავებულია.

მოზარდებს შორის სისხლიან დაპირისპირებაზე სკოლის ადმინისტრაცია განმარტებას არ აკეთებს. თანაკლასელების ჩხუბის ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდნენ. თუმცა ისინი არ ყვებიან მიზეზს, რის გამოც მე-11 კლასელებმა ერთმანეთი სასიკვდილოდ გაიმეტეს.

დაჭრილი მე-11 კლასელი მკურნალობას ახლა სახლში განაგრძობს. კლინიკიდან ის პირველი დახმარების აღმოჩენის შემდეგ გაწერეს.

კასპის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ დაპირისპირებას ადგილობრივი პოლიცია იძიებს, თუმცა დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ საუბრობს.

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები