19 აპრილი 2024,   17:42
ვრცლად
საერთოდ არ ყოფილა იმ შეხვედრაზე "თიბისი ბანკზე" საუბარი - ვანო ჩხარტიშვილი ივანიშვილის სიტყვებს უარყოფს

„თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას ივანიშვილთან დაახლოვებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი ეხმაურება. არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ჩხარტიშვილმა მიაწოდა ინფორმაცია ოლიგარქს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით.

ვანო ჩხარტიშვილი კი „თიბისის საქმესთან“ რაიმე შემხებლობას არ ადასტურებს. თუმცა, ბიზნესმენის საქმესთან კავშირზე თავად ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა. მან პირდაპირ თქვა ისიც, რომ ჩხარტიშვილი და ხაზარაძე პირისპირ დასვა და საუბრის დროს, ჩხარტიშვილმა „თიბისის“ დამფუძნებელს 100-ით ნოლი მოუგო.

„საერთოდ არ ყოფილა იმ შეხვედრაზე "თიბისი ბანკზე" საუბარი. რაზეც იყო საუბარი ბატონმა ბიძინამ მგონი, განმარტება გააკეთა... საუბრის შედეგების შესახებ მოგახსენეთ მე უკვე, რაც შეეხება 17 მილიონზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი და არც "თიბისი ბანკზე." ეს არის პასუხი,“ - ამბობს ჩხარტიშვილი.

ბიზნესმენმა „თიბისი ბანკის“ სკანდალურ საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ეს ყველაფერი დადასტურდება, ეს იქნება ძალიან მძიმე დანაშაული.

„ჩვენი დავა იყო "თიბისი ბანკთან" სასამართლოში, მიშა სააკაშვილის დროს ბანკის მეშვეობით ჩამორთმეული იყო ჩემ მიმართ ქონება, ვდაობდით ამაზე, შემდეგ შედგა სამშვიდობო საუბარი, მოვისაუბრეთ ერთმანეთთან ჩვენ და თიბისი ბანკმა და დღეს კონფლიქტი ამოწურულია. "თიბისი ბანკის" გარშემო მგონი დავა არის ამოწურული, მე როგორც მაქვს ინფორმაცია. რაც შეეხება ფაქტებს, რომელსაც აცხადებს პროკურატურა, ეს თუ ვინმემ ჩაიდინა, არის ძალიან მძიმე დანაშაული, პასუხები სჭირდება ამას ორთავე მხრიდან, დარწმუნებული ვარ, რომ დამთავრდება გამოძიება და მიეცემა შესაბამისი პასუხები,“ - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

დღის ამბები