17 აპრილი 2024,   01:44
ვრცლად
ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები უპირისპირდებიან

დაპირისპირება ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში - ანსამბლ „მხედრების“ მთავარი ქორეოგრაფი აცხადებს, რომ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაანთავისუფლეს რომ ოზურგეთელია, ახალ ხელმძღვანელს კი ადგილობრივი კადრი სჭირდებოდა.

მელის ნადირაძე მთავარი ქორეოგრაფის თანამდებობაზე სამი წელი მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაერთიანების ხელმძღვანელად დავით წერეთელი დაინიშნა თანამდებობა ისე დაატოვებინეს, რომ მისთვის მიზეზიც არ აუხსნიათ. ანსამბლ "მხედრების" ქორეოგრაფი ახალ ხელმძღვანელს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და დავას სასამართლოში განაგრძობს.

ბრალდებებს უარყოფს კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი. დავით წერეთელი ამბობს, რომ მელის ნადირაძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ამის საფუძველზე განთავისუფლდა, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ ადგილობრივი კადრი მისთვის პრიორიტეტულია.

მელის ნადირაძე ერთადერთი არ არის, ვინც ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა ხელმძღვანელს უპირისპირდება. დავით წერეთლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი გაერთიანების კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელს შეაქვს. თამაზ ცინცაძეც ამბობს, რომ თანამდებობიდან ისიც უკანონოდ გაანთავისუფლეს. კულტურის ცენტის ხელმძღვანელის მიმართ პრეტენზიები აქვთ მოქმედ თანამშრომლებსაც. გია იმნაიშვილის თქმით, დავით წერეთელი მის უფლებამოსილებაში უხეშად იჭრება და მუშაობის საშუალებას არ აძლევს. იმნაიშვილი მიიჩნევს, რომ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება უნდა დაიშალოს, რადგან მისმა მუშაობამ არ გაამართლა.

იმნაიშვილის ამ მოთხოვნას კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი სხვა კულტურული დაწესებულებებიც იზიარებენ. ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებების წარმომადგენლები პრობლემებზე საუბრობენ და რეორგანიზაციის დაწყებას ითხოვენ.

ავტორები: ლადო მენაბდე, თამთა ჯიქია.

დღის ამბები