24 აპრილი 2024,   11:56
ვრცლად
ხელისუფლება TBC-ის წინააღმდეგ - მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ ბანკზე განხორციელებული შეტევის მიზანი ანაკლიის პროექტის ჩაშლაა 

ბრძოლა თიბისი ბანკთან არის ბრძოლა ანაკლიის პორტის წინააღმდეგ - ეს განცხადება თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა. მან "ქართული ოცნების" დეპუტატებს პირდაპირ უთხრა, რომ ხელისუფლების შეტევის მიზანი ანაკლიის პროექტის ჩაშლაა. პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ანაკლიის კონსორციუმმა 170 მილიონი ლარი უკვე ჩადო. ზღვაში 11 მეტრის სიღრმიდან 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა ამოიღეს, თუმცა მშენებლობის გასაგრძელებლად, შემდეგ ეტაპზე 400 მილიონი ლარია საჭირო, რომელიც კონსორციუმმა 4 უცხოური ბანკისგან ივნისში უნდა მიიღოს. ხელისუფლების შეტევის ფონზე შესაძლოა, პროცესი ჩიხში შევიდეს და ანაკლია დაფინანსების გარეშე დარჩეს.

მამუკა ხაზარაძე დღეს სხდომაზე კიდევ ერთხელ ცდილობდა მმართველი პარტიის დეპუტატების დარწმუნებას, რომ თუ ანაკლიის პროექტს დაბლოკავენ, ქვეყნის ტრანზიტულ პოტენციალს საფრთხე შეექმნება, რადგან 2020 წელს ქართულ პორტები ტვირთებს ვეღარ გაატარებენ. ამას უხსნის ხაზარაძე უკვე რამდენიმე თევა მთავრობასაც. საჯარო განცხადებებში მინისტრები პორტის მშენებლობას მხარს უჭერენ, თუმცა მოქმედებებით ყველაფერს აკეთებენ რომ პროექტი ჩაშალონ.

ხაზარაძის მტკიცებით ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტის ჩაშლაზე მუშაობა პროკურატურის დახმარებით იანვარში დაიწყო. როდესაც ხაზარაძე 11 წლის წინანდელ საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს, მაშინ ხაზარაძემ პროკურატურას სთხოვა, რომ გამოძიების დასრულებამდე ამბავი არ გაეხმაურებინა, რადგან ინვესტორები დაფრთხებოდნენ, დაპირება მიიღო, თუმცა გენერალურმა  პროკურატურამ საპირისპიროდ იმოქმედა.

"კურიერის" ინფორმაციით ანაკლიის კონსორციუმის ინვესტორებმა, დეკემბერში საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის დროს ინვესტიციების განხორციელებამდე ხელისუფლებისგან ოფიციალური გარანტიის გაცემა მოითხოვეს. ახლა მსოფლიოს 4 წამყვანი ბანკი ივანიშვილის გუნდის პასუხს ელოდება, თუ მთავრობა გარანტიას არ გასცემს, კონსორციუმი დაფინანსებას ვერ მიიღებს და პროექტი უბრალოდ ჩაიშლება.


  

ამავე თემაზე
დღის ამბები