23 აპრილი 2024,   17:47
ვრცლად
2015 წელს "რესპუბლიკელებმა" პირობა დავუყენეთ ივანიშვილს და ღარიბაშვილის გაშვება მოვთხოვეთ - დავით ბერძენიშვილი 

"ჩვენ მოვთხოვეთ მას ღარიბაშვილის გაშვება," - ეს განცხადება საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ საუბრისას გააკეთა.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი, აცხადებს, რომ 2015 წელს მათი პირდაპირი მოთხოვნა იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადაეყენებინა.

„2015 წელს რესპუბლიკელებმა პირობა დავუყენეთ ბიძინა ივანიშვილს, არავინ ეს არ იცოდა, რესპუბლიკელების და ივანიშვილის გარდა, არც მის პარტიაში არავინ არ იცოდა, ჩვენ მოვთხოვეთ მას ღარიბაშვილის გაშვება. ივანიშვილი მაშინ არ იყო მზად რესპუბლიკელებთან მკვეთრი დაპირისპირებისთვის და ის დასთანხმდა ამას და შეირჩა კვირიკაშვილი,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ საუბრობს თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძეც.

მისი თქმით, ე.წ. კაბელების საქმე  ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის და მისი კლანის წევრების დახმარებით „შეკერა“.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მისი კლანის - ჯანყარაშვილის, თამაზაშვილის მეშვეობით, შეკერა კაბელების საქმე, მიიტანა ივანიშვილთან და სწორედ მისი მეცადინეობით მოხდა ამ საქმის წარმოება,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში და პარტია ქართულ ოცნებაში დაბრუნდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი იქნება. ღარიბაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ვოლსკის შეცვალა. 

  
ამავე თემაზე
დღის ამბები