25 აპრილი 2024,   08:59
ვრცლად
12-მილიონიანი საეჭვო ტრანზაქციები და "პროგრეს ბანკის" გაყიდვის ისტორია - საეჭვო რეპუტაციის ბანკის შეძენა ხაზარაძეს ივანიშვილმა აიძულა

ბურუსით მოცული გარიგება, რომელზეც ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მომხდარზე ღიად მამუკა ხაზარაძე ალაპარაკდა. პარლამენტში გუშინ თიბისის დამფუძნებელმა აღიარა, რომ გაკოტრების პირას მისული კალაძის ბანკის ყიდვა მას ივანიშვილმა პირადად სთხოვა.

ივანიშვილის და კალაძის პროგრეს ბანკის აქტივები თიბისიმ 2 წლის წინ იყიდა. ახლა კი ირკვევა, რომ პროგრესის ყიდვა ხაზარაძეს ივანიშვილმა აიძულა.

სქემა ასეთი იყო - თიბისი ბანკს უკვე ჰქონდა შეთანხმება სოსიეტე ჟენერალთან მისი კუთვნილი რესპუბლიკა ბანკის შეძენაზე, თუმცა, ამ გარიგებას ეროვნული ბანკი ბლოკავდა. ბოლოს საქმის გასარჩევად შეხვედრა ივანიშვილის შუშის სასახლეში შედგა.

რატომ ცდილობდა ბიძინა ივანიშვილი პროგრეს ბანკის მოშორებას? ბანკში ამ დროისთვის უკვე განხორციელებული იყო 12-მილიონიანი საეჭვო ტრანზაქცია, როდესაც ფული ქართულ ბანკში ფულის გათეთრებაში შემჩნეული ილია გავრილოვის რუსული ბანკიდან ჩაირიცხა. ბანკს რუსეთში ლიცენზია მალევე შეუჩერდა. ამას კი საქართველოში პროგრეს ბანკის გასხვისება და საბოლოოდ დახურვა მოჰყვა.

ის, რომ კახა კალაძის და ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული პროგრეს ბანკის თიბისი ბანკისთვის მიყიდვა საეჭვო ვითარებაში მოხდა, ამაზე ოპოზიცია წლების წინ საუბრობდა.

თიბისი ბანკმა პროგრეს ბანკისგან 108 მილიონის აქტივები შეიძინა. ამ ტრანზაქციიდან რამდენიმე კვირაში კი ეროვნულმა ბანკმა პროგრეს ბანკი დახურულად გამოაცხადა.

დღის ამბები