24 აპრილი 2024,   11:31
ვრცლად
ბათუმში დაზარალებული მენაშენეები სუს-ის მაღალჩინოსანს ბიზნესმენის მფარველობაში ადანაშაულებენ

ბათუმში 150 მესაკუთრე საკუთარი ბინის აშენებას მეორე წელია, უშედეგოდ ელოდება. გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე 24-სართულიანი კორპუსი ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა, ამ დრომდე ადგილზე მხოლოდ კარკასი დგას.

მეპატრონეები 100 ათასობით ლარის გაფლანგვაში ჩემი სახლის ყოფილ მენეჯმენტს ადანაშაულებენ და ზაურ გოგიტიძეს სასამართლოში უჩივიან.

დაზარალებულებს ეჭვი აქვთ, რომ კომპანიის ყოფილი მმართველი სასამართლოზე ზეგავლენას ახდენს.

მათი მტკიცებით, კომპანიის ყოფილ მმართველს ქედისა და ხულოს სუს-ის უფროსი მფარველობს.

მეპატრონეების თქმით, ზაურ გოგიტიძისა და ბუბა ბოლქვაძის ახლო კავშირზე მათი სახლებიც მეტყველებს - ორი იდენტური ფეშენებელური შენობა ერთ ეზოში მეგობრებმა და ნათესავებმა სწორედ მაშინ აიშენეს, როცა გუდიაშვილის პროექტიდან თანხა გაიფლანგა.

სუს-ის მაღალჩინოსანი ხულოდანაა, ხულოდანაა მოსამართლე სალეხ შაინიძეც, რომელმაც, მენაშენეების თქმით, მიკერძოებული გადაწყვეტილება ბოლქვაძის გავლენით მიიღო.

სადავო მშენებლობის იურისტი ამბობს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მენაშენეების ფულით პროექტის ყოფილმა მენეჯერმა, ზაურ გოგიტიძემ, საკუთარი სახლი აიშენა. სადავო მშენებლობას სამი მეწილე ჰყავდა. ორმა კომპანიის წილი სიმბოლურ ფასად - 200 ლარად მას შემდეგ დათმო, რაც პროექტს ფინანსური პრობლემები შეექმნა.

ფულის გაფლანგვაში ბრალდებულ მთავარ მეწილეს ეჭვი აქვს, რომ წილების დათმობა თვალთმაქცური გარიგებით მოხდა. 

კამერასთან საუბარი არც სუს-ის მაღალჩინოსანს და არც პროექტ ჩემი სახლის ყოფილ დირექტორს სურს. ზაურ გოგიტიძის ადვოკატმა კი ნათესაურ კავშირზე კურიერის მიერ დასმული შეკითხვა უპასუხოდ დატოვა და მხოლოდ ფულის გაფლანგვა უარყო.  

აუდიტის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, 2015-2018 წლის მაისამდე შპს ჩემმა სახლმა 4 777 069 ლარი მოიზიდა, შესრულებული სამუშაოს ხარჯები კი 3 810 130 ლარი იყო.

 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

დღის ამბები