20 აპრილი 2024,   03:45
ვრცლად
მიუღებელია უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღეს არსებული უმრავლესობის მიერ - კახიძე 

ამ წუთებში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფი რიგით მესამე შეხვედრას მართავს. შეხვედრას ესწრებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები, ოპოზიცია და პარლამენტის თავმჯდომარე. თუცა ამ შეხვედრაზე არ იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისინი სამუშაო ჯგუფს, ბოიკოტს უცხადებენ.

დღევანდელ სხდომაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა უნდა განიხილონ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების საბოლოო ვარიანტი, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. 

როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, კანონპროექტის მიხედვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას კვლავ რჩება ფუნქცია პარლამენტისთვის მოსამართლეთა წარდგენის, რაც არაკონსტიტუციურია. "ევროპული საქართველო" იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის სწორედ ამ ფუნქციის შეზღუდვას ითხოვს. 

„მიუღებელია უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღეს არსებული უმრავლესობის მიერ. ვინაიდან დღეს ამ ჯგუფს აქვს სრული  მონოპოლია ამ პროცესზე და პარლამენტს მოსდის მხოლოდ მათ მიერ გაფილტრული სია. თქვენ გახსოვთ როგორ წარმოადგინეს მათ 10 კაციანი სია. ახლაც ზუსტად იგივე მექანიზმია ჩარჩენილი სპეციალურად ამ კანონპროექტში, რაც ჩვენ თვისობრივად გვიტოვებს ზუსტად იგივე სისტემას. თვისობრივად გვტოვებს იმ პერსპექტივის წინაშე, რომ ჩვენ არ გვქონდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს პერსპექტივაც კი. ამიტომ ევროპული საქართველო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საკითხის ამგვარად დასმას,“-განაცხადა ოთარ კახიძემ. 

კანონპროექტის ამ ნაწილს აპროტესტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილიც. მისი თქმით, ამ ეტაპზე მას არ მიეცა საშუალება, რომ სრულყოფილად გაცნობოდა დოკუმენტს, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ იუსტიციის საბჭოს მოქმედ შემადგენლობას დარჩა უფლება შეარჩიოს მოსამართლეები მისთვის მიუღებელია. 

დოკუმენტის მიხედვით მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმად ორი მთავარი კომპონენტი განისაზღვრა. ესენია: კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები