23 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
რა უნდა ჩავთვალოთ მთავარ მტკიცებულებად? ჩვენ ვნახეთ ამობეჭდილი ქაღალდის ასლი - თალაკვაძე მუქარის წერილზე საუბრობს და ხაზარაძეს პასუხობს

TBC ბანკის სკანდალური საქმე - „ქართულ ოცნებაში“ საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა. განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძე გააკეთა. თალაკვაძემ იმ წერილთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც TBC ბანკის დამფუძნებელმა პროკურატურას, როგორც მუქარის დასტური გადასცა და რომელიც პროკურატურამ დღეს გაასაჯაროვა.

ხაზარაძე ირწმუნება, რომ მუქარის წერილი მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.

თალაკვაძე წერილს „ქაღალდის ფურცელზე ამობეჭდილ ტექსტს“ უწოდებს, რომელსაც მისი თქმით, არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები.

თალაკვაძის თქმით, აღნიშნული წერილით არ დასტურდება მუქარა მოდიოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან. მისივე განცხადებით, ეჭვს აჩენს ისიც, რომ მამუკა ხაზარაძე არ არ ასახელებს არც იმ პირს, რომელმაც მას წერილი მიუტანა.

"ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში თვალს ვადევნებთ საქმეს, სადაც პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება ეხება დიდი ოდენობით ფინანსურ ტრანზაქციებს, რომლის კანონიერებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ვინაიდან ანაკლიის პორტის საკითხი მოჰყავს მთავარ არგუმენტად მხარეს, მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი,რომლის წარმატებით განხორციელებისთვისაც სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს.

"გამოძიების პარალელურად, ჩვენ პარლამენტშიც მივეცით ბანკის დამფუძნებლებს საშუალება, ღიად ესაუბრათ. ამ სხდომაზე ასევე მოვისმინეთ ღია ბრალდება თითქოს ხელისუფლების წარმომადგენელი ბანკის დამფუძნებლებს დაემუქრა და თითქოს არსებობს ამის დამადასტურებელი წერილი.

"ბუნებრივია პირველი და ლოგიკური მოთხოვნა იყო ეს წერილი ყოფილიყო წარმოდგენილი. დღეს აშკარაა რომ წერილი რეალურად არის ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტი, რომელსაც მთავარი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, ვის გაეგზავნა ან ვისგან იყო გამოგზავნილი არ აქვს. რა უნდა ჩავთვალოთ მთავარ მტკიცებულებად? არც ავტორი ჩანს, არც შედგენის თარიღია. იმასაც კი არ გვეუბნებიან, ვინ მიუტანა ეს ამობეჭდილი ფურცელი ბანკის დამფუძნებელს.

საქმე გვაქვს საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის და სამართლებრივი დავის ნაცვლად მისი პოლიტიკურად გადაწყვეტის მცდელობასთან,"-განაცხადა თალაკვაძემ.

სკანდალური წერილი გასაჯაროვდა. უკვე ცნობილია იმ გზავნილის შინაარსი, რომელიც გიორგი გახარისგან მამუკა ხაზარაძემ მიიღო.

წერილის დასაწყისშივე გახარია TBC-ის დამფუძნებელს წერს, რომ გავლენიანი ბიზნესმენი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, ამიტომ ივანიშვილის ყველაზე გავლენიანი მინისტრი ხაზარაძეს სამ პირობას უყენებს.

პირველი-ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღდეგ. მეორე-ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე-ტელეკომპანია "Art Area", რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში. 

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე კი განმარტეს, რომ მათთვის მამუკა ხაზარაძეს არ წარუდგენია დოკუმენტის დედანი და ამიტომ გამოძიება მოკლებულია დოკუმენტის გადამოწმებისა და მისი ავთენტიკურობის დადგენის შესაძლებლობას.

პროკურორის მტკიცებით, მამუკა ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.

ამავე თემაზე
დღის ამბები