25 აპრილი 2024,   10:11
ვრცლად
მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები - იუსტიციის საბჭოს წევრები და ოპოზიცია ე.წ. კლანის ახალ ბერკეტზე მიუთითებენ

მმართველმა გუნდმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული მართლმსაჯულების უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების წარდგენა, არასამთავრობოების ბოიკოტის ფონზე დაიწყო. კვლავ სადავოდ რჩება მთავარი პრინციპები, მათ შორის კონკურსში მონაწილეობა, შერჩევის პარამეტრები და კენჭისყრა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი სასამართლოს ე.წ. კლანის ხელში, უზენაეს სასამართლოში სასურველი კანდიდატების წარსადგენად, კიდევ ერთი ახალი ბერკეტი იქნება.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მოვახდინოთ პრევენცია იმისა, რომ ჩინჩალაძის ხალხი მოხვდეს უზენაეს სასამართლოში. ეს პროცედურები სწორედ ამას ვერ უზრუნველყოფს პრევენციას იმისა, რომ კლანის, ანუ გავლენიანი ჯგუფის ხალხი მოხვდეს უზენაეს სასამართლოში. მნიშვნელოვანია, რომ ეს კარი გავუხსნათ კვალიფიციურ ადამიანებს და არ დავუწესოთ ისეთი გამოცდის ჩაბარება, რომელსაც ისინი 10 დღეში უბრალოდ ფიზიკურად ვერ ჩააბარებენ,“ - განაცხადა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ კანონპროექტთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. 

„ამ კრიტერიუმების მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს არის ჩაკეტილი. მხოლოდ და მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებზე ან მოსამართლის გამოცდაჩაბარებულ პირებზე გავრცელდება. სამართლის აღიარებულ იურისტებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება ბევრი დადებითი შესძინა სასამართლოს, მათი მონაწილეობა გამოირიცხება. პარლამენტი აპირებს თვრამეტივე წევრის ერთდროულად შერჩევას, რომელიც დღესდღეობით არის ვაკანტური. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაც დროში იქნება გადანაწილებული და პარლამენტი ნელ-ნელა, ეტაპობრივად, აირჩევს, ეს უფრო გამჭვირვალე, უფრო მეტად სამართლიანი იქნება,“ - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფმა მუშაობა ისე დაასრულა, რომ განსხვავებული მოსაზრებების მქონე მხარეებმა ვერ შეაჯერეს თავიანთი პოზიციები. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მოსამართლეების გარკვეული ჯგუფის მიმართ საზოგადოებას ნდობა დაკარგული აქვს. 

„ეს არის ტყუილი ამ კონსტიტუციაზე აპელირება და თან საერთაშორისო პარტნიორების მოტყუება, რომ, თითქოს, კონსტიტუცია გვიკრძალავს და ამიტომ უნდა დავუტოვოთ სასამართლოს მმართველ ჯგუფს ეს უფლებამოსილება, ეს არაგულწრფელი დამოკიდებულებაცაა. რომ თქვან, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ასეთი და ამას არ შევცვლით, ბუნებრივია, ამას ვერავინ დააძალებს. აქვთ ეს უმრავლესობა პარლამენტში და ბოლობოლო ისეთ კანონს მიიღებენ, რომელსაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. მაგრამ ჩვენ, „ევროპული საქართველო“, „ადვოკატთა ასოციაცია“, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი, ამერიკის საელჩო და ევროკავშირი მოუწოდებს, რომ ამ მოქმედ რეგულაციას გადახედონ. ისინი ამას არ აპირებენ. ასე გამწესებული მოსამართლეები საზოგადოების ნდობას ვერასდროს ვერ მოიპოვებენ,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება და ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები უკვე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები