ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ყოფილი უფროსი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული, თუმცა ქადაგიძე მთავარ საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს.
ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა, სადაც წერს რომ მზად არის ჩვენება, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. მთავარ პროკურატურაში გიორგი ქადაგიძე, თიბისი ბანკის საქმეზე იყო დაბარებული. 2008 წლის აგვისტოში, ის ხელმძღვანელობდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, პროკურატურის მტკიცებით სწორედ ამ დროს მოხდა ფულის გათეთრება, ბანკის დამფუძნებლების მიერ.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თიბისი ბანკის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, ამის შესახებ განცხადება გიორგი ქადაგიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"აქვე ვიტყვი რომ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას სადაც ყველა მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები გააკეთებენ განმარტებებს და უზრუნველყოფენ პროცესის სრულ გამჭვირვალობას.- წერს ქადაგიძე ფეისბუქში.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვას პროკურატურა დღეს სასამართლოში შეეცდება. რამდენიმე საათში მთავარი საგამოძიებო უწყება სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ გიორგი ქადაგიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს.