25 აპრილი 2024,   05:25
ვრცლად
ვიდრე კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარეა, კომპანიები ვერ უშველის - "ოცნებიდან" წასულები მმართველი პარტიის განახლების პროცესზე

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატები „ქართული ოცნების“ განახლების პროცესს ეხმაურებიან. დეპუტატების თქმით, მათი ჩანაცვლება პარტიაში ძალიან ძნელი იქნება, რადგან პოლიტიკოსს საკუთარი ბიოგრაფია უნდა ქმნიდეს.

„ქართული ოცნებიდან“ წასულები იმ ინფორმაციასაც  გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვით, პარტიულ სახეებს უცხოური კომპანია შეარჩევს. ეკა ბესელიას თქმით, სანამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა, კომპანია გუნდს ვერ დაეხმარება.

„ვიდრე ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარეა და ასეთი სახე ჰყავს პარლამენტს და ის არის „ქართული ოცნების“ სახელით და ვიდრე ჰყავთ ასევე სხვა პირები, აღარ მინდა გვარების ჩამოთვლა, ასეთი კომპანიები, მიუხედავად მათი გამოცდილებისა თუ ბიოგრაფიაში შთამბეჭდავი და მომხიბვლელი ჩამონათვალისა, ვერ უშველის,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ქართული ოცნებიდან“ წასულ გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ კოლბაში გამოყვანილი პოლიტიკოსები ქვეყანას ვერ წაადგებიან.

„კომპანიებმა კი არ უნდა შექმნას პოლიტიკოსები, არამედ პოლიტიკურმა პროცესმა უნდა შექმნას და ისინი, როგორც ლიდერები ისე უნდა ყალიბდებოდნენ და ასეთი ხელოვნური, კოლბაში გამოყვანილი პოლიტიკოსები რომ ხალხს და ქვეყანას კარგს არაფერს არ აძლევენ, ამაში დარწმუნებული ვარ. პოლიტიკოსი უნდა შექმნას მისმა ბიოგრაფიამ, რაღაც გაჭირვებამ,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

"ქართული ოცნების" გუნდში არსებულ მწვავე კრიზისზე საუბრობს, ზვიად კვაჭანტირაძეც

„შეიძლება დაიქირავო უმაღლესი დონის პიარსპეციალისტები, მაგრამ როდესაც შენ იცი, რომ შენი საქმე წასულია, მე მგონი, იქ საშველი აღარ არსებობს,“- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

„ქართული ოცნება“ ახალ სახეებს ეძებს. მმართველ პარტიაში გამოთავისუფლებულ ადგილებს ახალი სახეები დაიკავებენ და მათ კონკურსის წესით უცხოური კომპანია შეარჩევს. კონსულტანტები დასავლეთიდან ჯერ პარტიაში არ ჩამოსულან, თუმცა პარტიის ოფისში წევრობის მსურველები ანკეტებს ავსებენ. ახალი სახეების მოძებნა კახა კალაძეს დაევალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები