20 აპრილი 2024,   06:30
ვრცლად
ჯართში ჩაბარებული ხიდი - სოფელ საჯიჯაოს მოსახლეობას ხიდი ხელისუფლებამ გაუყიდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში უკვე ერთი წელია, მოსახლეობას ხიდი არ აქვს. ძველი რკინის კონსტრუქცია ხელისუფლებამ დაშალა და ჯართში ჩააბარა. მაშინ მოსახლეობას დაპირდნენ, რომ სანაცვლოდ ახალს ააშენებდნენ, თუმცა მდინარე ზანაძგაზე აღარც ახალი ხიდია და აღარც ძველი.

სოფელ საჯიჯაოში რკინის ხიდი ადგილობრივებმა წლების წინ საკუთარი ფულით ააშენეს. სოფლის ყველა მოსახლემ სიმინდი გაყიდა, თანხა მოაგროვა და გზის პრობლემა თავად მოაგვარა. ახლა მათ აინტერესებთ, რატომ გაუყიდა ადგილობრივმა ხელისუფლება ხიდი ისე, რომ არც კი გააფრთხილა.

ამ კითხვას პასუხს უკვე პროკურატურა გასცემს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემოწმების შემდეგ ხობის მუნიციპალიტეტში არსებული დარღვევები გამოსაძიებლად სამართალდამცველებს გადაუგზავნა, მათ შორისაა ჯართში ჩაბარებული ხიდის საქმეც. დასკვნაში წერია, რომ ხალხის ხიდი ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით გაყიდა.

კაპიტალური ხიდის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა უკვე მეორე წელია დროებითი კონსტრუქციით სარგებლობს. სოფელ საჯიჯაოს მცხოვრებლები შიშობენ, რომ ის ერთხელაც სიმძიმეს ვერ გაუძლებს და ჩაინგრევა.

სოფელს კიდევ ერთი ხიდი ჰქონდა, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა. საჯიჯაოს მცხოვრებლები მის აღდგენასაც უშედეგოდ ითხოვენ.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სოფელში ხიდების რეაბილიტაციის მიზნით  ხობის გამგეობამ 2017 წლის ოქტომბერში ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. საერთო ღირებულება 121 ათას ლარამდე იყო. ორივე ტენდერი ერთმა კომპანიამ „ელიტ პროდაქშენმა“ მოიგო. მუნიციპალიტეტმა ორგანიზაციას სამუშაოებისთვის თანხა გადაურიცხა. კომპანიამ სამუშაოები მიატოვა და სოფელს მხოლოდ მდინარეში მიტოვებული ბეტონის ხიმინჯები და გაფლანგული 30 ათასი ლარი დარჩა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი, ემა გოგოხია

დღის ამბები