19 აპრილი 2024,   16:11
ვრცლად
დამნაშავეებმა ტერიტორია ერთ-ერთი მძევლის ავტომობილით დატოვეს - "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმის ახალი დეტალები 

მძევლები, რომელიც „საქართველოს ბანკში“ ყაჩაღობის დროს თავდამსხმელებმა აიყვანეს გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ახალგაზრდა მამაკაცის და ქალის გამოკითხვა ორ საათზე მეტია მიმდინარეობს. თავდამსხმელებმა ბანკის ტერიტორიის დატოვება სწორედ მძევლების აყვანის შემდეგ მოახერხეს. 

მოვლენები კი არსებული ინფორმაციით, შემდეგნაირად განვითარდა. როგორც ცნობილია, თავდამსხმელები ბანკის დასაყაჩაღებლად გატაცებული მანქანით მივიდნენ. მანქანის პატრონი, 30 წლის მამაკაცი მათ მძევლად ჰყავდათ აყვანილი.

მამაკაცი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში ჩამოსვეს. ბანკის შენობასთან კი მეორე მძევალთან, ახალგაზრდა ქალთან ერთად მივიდნენ. სწორედ მისი გამოყენებით დატოვეს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაც. საბოლოოდ კი, მძევლად აყვანილი გოგონა, ქერჩის ქუჩაზე დატოვეს.

ყაჩაღობა გლდანში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე დილით მოხდა. ცნობილია, რომ სამი ნიღბიანი პირი ბანკში 10:30 წუთზე შევიდა, ტერიტორიის დატოვება კი ორ წუთში მოუხდათ, რადგან ადგილზე დაცვის პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.

თავდამსხმელებმა დაცვის პოლიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც რამდენიმე ავტომობილი და ახლოს მდებარე მაღაზიები დაზიანდა. 

მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო.

დღის ამბები