19 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
იმიტირებული მავთულხლართი ბენო ქაშაკაშვილის სასტუმროსთან - ბიზნესმენმა გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

ბიზნესმენმა ბენო ქაშაკაშვილმა ბოდიში მოიხადა. დღეს ბიზნესმენი მის კუთვნილ სასტუმროსთან გამართული აქციის მონაწილეებს შეხვდა და რამდენიმე დღის წინ მის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

განცხადებაში ბიზნესმენი ამბობდა, რომ რუსეთის მიერ 500 მეტრით მავთულხლართის გადმოწევაში პრობლემას ვერ ხედავს.

ბენი ქაშაკაშვილმა ბოდიში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების და სამოქალაქო აქტივისტების წინაშეც მოიხადა.

„კონტექსტიდან ამოგლეჯილია ეს 500 კვადრატული მეტრი. მე უბრალოდ შევადარე, სამწუხაროდ, იმ რამდენიმე ათას კვადრატულ და ათი ათას კვადრატულ კილომეტრს, რომელიც იყო დაკარგული. ეკონომიკას ვადარებდით, სხვა და სხვა საკითხებზე ვსაუბრობდით და თქვენი ეს „500 კვადრატული მეტრი“ არის ამოგლეჯილი აქედან. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა. თქვენს წინაშე ვიხდი ბოდიშს, იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც  ვერ აძოვებენ თავის საძოვარზე საქონელს. ძალიან ვწუხვარ თქვენს წინაშეც, მათ წინაშეც და ჩემი თანაგუნდელების წინაშეც, რომლებმაც აგრეთვე ძალიან მკაცრად გამაკრიტიკეს,“ - განაცხადა ქაშაკაშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტებმა ბიზნესმენის სასტუმროსთან იმიტირებული მავთულხლართი გააბეს და ბენო ქაშაკაშვილის განცხადება ამ ფორმით გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი მათ შეხვდა და ბოდიშიც მოიხადა, აქციის მონაწილეებმა მავთულხლართები აიღეს.

„ჩვენი პერფორმანსის მიზანი სწორედ ეს იყო, რომ ბატონ ბენოს მოეხადა ბოდიში იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც თავის თავზე განიცადეს ის, თუ რა შედეგები მოაქვს ოკუპაციას. შესაბამისად, ჩვენ ავიღებთ ჩვენ მავთულხლართებს, შევწყვეტთ ჩვენ ოკუპაციას. ყველამ გაიგოს, რომ ოკუპაციაზე ასეთი სახის განცხადებებიო არავის არ შერჩება,“-განაცხადა მარიამ რიგვავამ.

დღის ამბები