24 აპრილი 2024,   03:57
ვრცლად
ორმხრივი სროლა გლდანში - ბოროტმოქმედებმა მძევლები აიყვანეს და "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღება სცადეს

თავდასხმა საქართველოს ბანკზე - ნიღბიანი შეიარაღებული მძარცველები გლდანში მდებარე ერთ-ერთი ფილიალში შეიჭრნენ. ბოროტმოქმედები ბანკში 10:30 საათზე შევიდნენ, თუმცა ადგილზე დაცვის პოლიცია ორ წუთში მივიდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. მძარცველებს მძევლად ქალი ჰყავდათ, რის გამოც პოლიცია იძულებული გახდა სროლა შეეწყვიტა.

საქართველოს ბანკზე თავდასხმა კარგად დაგეგმილი იყო. ბოროტმოქმედებმა წინა ღამით მანქანა გაიტაცეს, რომელიც მთელი ღამე ტყეში ჰყავდათ გაჩერებული. მასში მჯდომი ქალი და მანქანის პატრონი მამაკაცი კი მძევლად აიყვანეს. ახალგაზრდა კაცი გასკოჩეს და მანქანის საბარგულში დაამწყვდიეს. ბანკის დასაყაჩაღებლად ბოროტმოქმედები სწორედ გატაცებული მანქანით მივიდნენ. მას შემდეგ რაც მძარცველები იძულებულები გახდნენ ბანკი დაეტოვებინათ, მძევალი ქალი ქერჩის ქუჩაზე სწრაფად მიმავალი მანქანიდან გადმოაგდეს, ყაჩაღობამდე გლდანის მეექვსე მიკრო რაიონში დატოვეს მეორე მძევალი.

გამოძიების ინფორმაციით მძარცველებმა ფულის წაღება ვერ მოასწრეს. ორმხრივი სროლისას დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა. ბრმა ტყვია მოხვდა სატვირთოსაც. ის სროლის დროს ხიზანიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა.

მთელი დღეა პოლიციაში  მძევლების გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებიდან ერთი საათის განმავლობაში პოლიციამ თავდასხმის ამსახველი ათამდე ვიდეო მასალა ნახა.

გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, ყაჩაღური თავდასხმა, იარაღის უკანონო შეძენა-ტარება და ადამიანების მძევლად აყვანა. გამოძიება ნიღბიანი მამაკაცების კვალს ბოლო მონაცემებით თიანეთის გზაზე ეძებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები