25 აპრილი 2024,   08:26
ვრცლად
„ევროპული საქართველოს“ წევრს იპოდრომზე თავს დაესხნენ

ევროპული საქართველოს წევრს თავს დაესხნენ. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, მოხდა.

დავით ნაფეტვარიძეს თავს უცნობი მამაკაცი იმ დროს დაესხა, როცა ის მეუღლესთან ერთად ქუჩაში მიდიოდა.

ოპოზიციური პარტიის წევრს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული და მოტეხილი აქვს თითი.

დავით ნაფეტვარიძე ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმის თქმით, პაციენტს ტვინის შერყევის ნიშნებ აღენიშნება. მედიკოსების განმარტებით, ნაფეტვარიძეს კეფის არეში დიდი ზომის ჰემატომა აქვს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის მეუღლის თქმით, დავით ნაფეტვარიძე მომხდარ თავდასხმას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

"მზიურიდან წამოვედით ფეხით. ეს ტიპი დიდი ქვით უკან მოგვყვებოდა. ვერცერთი წამით ვერ დავუშვი, რომ ჩვენ მოგვყვებოდა. აქ რომ მოვედით, ჩაარტყა და ქვევით ჩააგდო, ქვევით იპოდრომზე. ბევრჯერ ურტყამდა ხელს, აგრძელებდა ისევ, ვიღაც უცხოები დაგვეხმარნენ, გააშველეს, ისევ მივარდა და ურტყამდა,“ - განაცხადა დავით ნაფეტვარიძის მეუღლემ, ნინო ნაფეტვარიძემ. 

 

როგორც ცნობილი ხდება, შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს.

ის ამ წუთებში დაკითხვაზეა გადაყვანილი. 

 

 

 

დღის ამბები