20 აპრილი 2024,   01:51
ვრცლად
ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია ორთაჭალაში - ისინი ტაქსის გასაჩერებელი ადგილების შეზღუდვას აპროტესტებენ 

ტაქსის მძღოლები ორთაჭალაში ტაქსის გასაჩერებელი ადგილების შეზღუდვას აპროტესტებენ.

აქციაზე შეკრებილი მძღოლები ამბობენ, რომ მათ მერიიდან წერილი მიიღეს, სადაც შეზღუდვის მიზეზად ადგილის გამწვანება სახელდება.

აქციას დღეს ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილიც, შეუერთდა.

ჩხარტიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მერიასა და ავტოსადგურის ხელმძღვანელობას შორის კორუფციული გარიგების შედეგია. 

„აქ აშკარაა, რომ შემოსავლის გაზრდა უნდა სადგურის ხელმძღვანელობას და იქ შეყვანა ტაქსისტების იძულების წესით, რაც არის კანონდარღვევა და ჩვენ ერთკვირიან ულტიმატუმს ვაძლევთ კახი კალაძეს, ან უარი თქვას ამ გარიგებაზე და დაუბრუნოს ამ ადამიანებს მუშაობის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მერიასთანაც გავმართავთ აქციას და არ არის გამორიცხული, შემდეგ სახლშიც მივაკითხოთ და იქაც გავუმართოთ იმიტომ, რომ არ შეიძლება, ამდენი ადამიანი იყოს ვიღაცეების კორუფციული გაუმაძღრობის მსხვერპლი,“ - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

აქციის მონაწილეებს თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა მუმლაძე, პასუხობს და აცხადებს, რომ მერია ტაქსების პარკინგისთვის განკუთვნილი ადგილის გამწვანებას გეგმავს და პროექტი მომავალი თვიდან დაიწყება.

„10 ადგილი შევქმენით მათთვის. თუ ადრე ჰქონდათ ფასიანი პარკირების ადგილი და პარკირების საფასური უნდა ჰქონოდათ გადასახდელი, ჩვენ შევქმენით ახალი მოცემულობით ტაქსებისთვის გამოყოფილი უფასო ადგილები. შეთანხმების პირობა დაარღვიეს. რაც შეეხება გამწვანებასთან დაკავშირებულ პირობას, ბატონ ლევან ჯაფარიძეს - კრწანისის გამგებელს, ვესაუბრე, მას პროექტი მომზადებული აქვს უკვე. იქ იყო პრობლემა, რომ სახელმწიფო მიწა უნდა გადმოცემულიყო ქალაქზე, რომ აღნიშნული პროექტი განეხორციელებინა და აქამდე ამის გამო ვერ განახორციელა ეს პროექტი. აპრილში უკვე ტენდერის შედეგის ცნობილი იქნება და იქ გამწვანების პროექტის განხორციელებას დაიწყებენ,“ - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

დღის ამბები