25 აპრილი 2024,   16:36
ვრცლად
ფულის გათეთრების სკანდალი - "ოცნების" დეპუტატის შვილი, სავარაუდოდ, ამერიკული ბანკებიდან მოპარულ ფულს "ქართუში" ინახავდა 

ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფულის გათეთრების სკანდალის შუაგულში ეხვევა - არსებობს ვარაუდი, რომ ქართული ოცნების დეპუტატის, შოთა შელალელშვილის, შვილი - გარი შალელაშვილი, ამერიკული ბანკებიდან მოპარულ ფულს ქართუ ბანკში ინახავდა.  

ქართული ოცნების დეპუტატის შოთა შალელაშვილის შვილი, გარი შალელაშვილი, ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ამერიკული საბანკო ანგარიშებიდან ასობით მილიონი დოლარის მოპარვის ბრალდებით დააკავა.  

არსებობს ვარაუდი, რომ მოპარული ფული ქართუში გადამალეს. 

ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატი - შოთა შალელაშვილი, ამტკიცებს, რომ 2014 წელს ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკისგან, თითქმის, 6 მილიონ დოლარად ნაყიდი მიწის შესახებ არაფერი იცის. თუმცა, მიწაც და 20-სართულიანი სასტუმროც, რომელიც ამ მიწაზე დგას, ახლა შოთა შალელაშვილის ცოლის - ირა ფიჩხაძის, საკუთრებაა.

დოკუმენტებით, რომელიც კურიერმა მოიპოვა, დგინდება, რომ ირა ფიჩხაძეს 21 ათასი კვადრატული შავი ზღვის სანაპიროზე მისმა შვილმა - გარი შალელაშვლმა, აჩუქა.

არსებობს ეჭვი, რომ ქართული ოცნების დეპუტატის ოჯახმა, ბიძინა ივანიშვილის ბანკის დახმარებით, ჯერ ფული გაათეთრა, შემდეგ კი შეძენილი ქონება გადამალა. 

2014 წლის 29 დეკემბერს ქართუ ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ, გადაუხდელი კრედიტის გამო, ბიზნესმენ გოჩა ძასოხოვისთვის ჩამორთმეული სასტუმროს გაყიდვა გადაწყვიტა.

სხდომის დადგენილებით, ქონება 5 796 000 ამერიკულ დოლარად შეაფასეს და მეორე დღეს გარი შალელაშვილს გადაუფორმეს. იმ დროისთვის გარი შალელაშვილი ქართუ ბანკში რამდენიმე ანგარიშს ფლობდა, სადაც მილიონობით დოლარს ინახავდა.

ბიძინა ივანიშვილსგან სასტუმროს ყიდვის მომენტში შალელაშვილით ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო იყო დაინტერესებული და ჰაკერული თავდასხმის შედეგად ამერიკული ბანკებიდან ასობით მილიონი დოლარის მოპარვას იძიებდა. სავარაუდოდ, მოპარული ფულის ნაწილს შალელაშვილი ივანიშვილის ბანკში ინახავდა და ივანიშვილისგან ქონებაც ამ ფულით იყიდა. 

მას შემდეგ, რაც ამერიკული ბანკებიდან ასობით მილიონი დოლარის მოპარვის ბრალდებით ქართული ოცნების დეპუტატის შვილი დააკავეს, მან ციხიდან მინდობილობა გააფორმა და ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკისგან 6 მილიონ დოლარად ნაყიდი სასტუმრო დედას აჩუქა. ამ გარიგებით გარი შალონმა, სავარაუდოდ, ქონების გადამალვა სცადა. 

ოპოზიცია ამბობს, რომ სახეზეა ფულის გათეთრება და ამ სქემის სათავეში ბიძინა ივანიშვილია, რადგან მის გარეშე ბანკის თანამშრომლები ვერ გაბედავდნენ, ამერიკული ანგარიშებიდან მოპარული ფული გადაემალათ ან ამ ფულით შალელაშვილისთვის ქონების შეძენის უფლება მიეცათ.

შალელაშვილი ამტკიცებს, რომ საეჭვო 6 მილიონით შესყიდული მიწების დედაზე ჩუქების მიზანი, მისი ციხეში ყოფნის შემთხვევაში, ბიზნესის განვითარება იყო და არა ქონების ჩამორთმევისგან თავის დაზღვევა. 

 

 

დღის ამბები