25 აპრილი 2024,   04:11
ვრცლად
აქცია ქუთაისის მერიის წინ - მოსახლეობა თერჯოლის რაიონში ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს

აქცია ქუთაისის მერიის წინ - მოსახლეობა ითხოვს, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნართან რეგიონული ნაგავსაყრელი არ აშენდეს. ადგილობრივი სოფლებიდან ჩამოსული მოსახლეობა აქციას უკვე მეექვსედ მართავს.

მათ ეჭვი აქვთ, რომ დასკვნა, რომლის საფუძველზეც ხელისუფლებამ ნაგავსაყრელის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო, გაყალბებულია.

ადგილობრივები ნაგავსაყრელის მშენებლობას რამდენიმე მიზეზით ეწინააღმდეგებიან. ისინი განმარტავენ, რომ თავს ძირითადად მეცხოველეობით ირჩენენ და ამ ტერიტორიას საძოვრებად იყენებენ.

მოსახლეობა ხელისუფლებას ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის დანაპირებს ახსენებს და ამბობს, რომ საერთაშორისო უნივერსიტეტიდან 1 კილომეტრში რეგიონული ნაგავსაყრელი პრობლემებს, ქუთაისის იმიჯსაც შეუქმნის. მოსახლეობის პროტესტს ადგილობრივი ოპოზიციაც იზიარებს.

თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში ნაგავსაყრელი მშენებლობა უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლებას აზრი ასეთი აქციებით ვერ შეაცვლევინეს, მზად აქვთ კარვები, გაშლიან, შიმშილობას დაიწყებენ და სამუშაოდ შესულ ტექნიკას ხელს შეუშლიან. 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

დღის ამბები