16 ოქტომბერი 2019,   02:47
ვრცლად
კრწანისის სასწავლო ცენტრში ნაცემი ახალგაზრდა შეუძლოდ გახდა - ქაზიმ გახრამანოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

კრწანისის სასწავლო ცენტრში ნაცემ ახალგაზრდას კვლევები უტარდება. ის ცოტა ხნის წინ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, სრული დიაგნოზის დასმა მხოლოდ კვლევების სრულად ჩატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ნაჟღენთი აქვს პრეორბიტალური, თვალბუდის არეში, ჩივილები მსუბუქი თავის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება. სავარაუდოდ, თავის ტვინის შერყევაც არ არის. კომპიუტერი გაუკეთდება, საბოლო დიაგნოზი იქნება კვლევების შემდეგ,“ - ამბობს ექიმი.

საავადმყოფოში იმყოფებოდნენ ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებსაც ახალგაზრდის ოჯახის წევრებთან დაპირისპირება მოუხდათ.

ქაზიმ გახრამანოვის ძმა, ფუად გახრამანოვი ამბობს, რომ ოჯახს მისი ძმა დილით დაუკავშირდა, მისულებს კი ის ნაცემი დახვდათ.

„როდესაც მივიდა მამაჩემი, ჩემი ძმა სასტიკად ნაცემი დახვდა. მოუყვა, რომ უფროსმა ჯარისკაცებმა ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს და ფული მოსთხოვეს, მერე ცემა დაუწყეს, ამას სერჟანტიც ესწრებოდა, იდგა და სეირს უყურებდა. ეს ამ სამხედრო ნაწილში უკვე მეორე შემთხვევაა, რატომ არ აქცევს არავინ ყურადღებას ამ უსამართლობას და ძალადობას,“ - ამბობს ფუად გახრამანოვი.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ამ წუთებში სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

დღის ამბები