16 ოქტომბერი 2019,   02:37
ვრცლად
ქართველოლოგი მანანა სოტკილავა ბაგრატიონებში დაწყებულ დავას, ბიზნესინტერესებს უკავშირებს

სამეფო შტოებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას ფილოლოგი, ქართველოლოგი მანანა სოტკილავა ეხმაურება და აცხადებს, რომ მხარეებს შორის არსებული დავის მიზეზი, ბიზნესინტერესები გახდა. 

მანანა სოტკილავას თქმით, ისტორიას არ ახსოვს სასამართლოს განეხილა სამეფო ოჯახის დავა, ისევე როგორც ისტორიას არ ახსოვს, სასამართლოს განესაჯა სასულიერო პირი. მისი აზრით, კურიოზულია ბაგრატიონ-მუხრანსკების შტოსთან ბაგრატიონ-გრუზინსკების დაპირისპირებაც. მოსარჩელე ყოფილი სიძის ოჯახს სამეფო ორდენების გაყიდვას აბრალებს, ყოფილი სიძე კი ნუგზარ ბაგრატიონს მეფის შთამომავლობის დასამტკიცებლად დნმ-ის კვლევის ჩატარებას სთხოვს. 

მანანა სოტკილავა ამბობს, რომ დავა მეცნიერების გვერდის ავლით, სამართლებრივ ფაზაში სწორედ იმიტომ გადაიზარდა, რომ მისი აზრით, ამ ორი შტოს ბიზნესინტერესები ერთმანეთს შეეჯახა.  

"საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიას არ ახსოვს, სამეფო ოჯახის დავა სამოქალაქო სასამართლოს განეხილა, ისევე როგორც არ ახსოვს, სამღვდელო პირი სამოქალაქო სასამართლოში განსჯილიყო. რატომღაც, განსაკუთრებით, ბოლო 30 წელია ლამის,  ჩვენ კურიოზების ქვეყანა გავხდით. ძალიან სერიოზული მეცნიერები იყვნენ თავის დროზე ჩართული და ახლაც არიან. ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, რომ ამ ყველაფრის გვერდის ავლით ხდება - "გინდა თუ არა, მე ვარ მართალი."

"თუმცა, ძალიან მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ აქ მოხდა, რაღაც ბიზნესინტერესების შეჯახება. ორივე მხარეს, სწორედ ამ ბიზნესშეჯახების თემამ წამოიწია. მე სხვანაირად გეტყვით, საქართველო დღეს ყველაფრის ყიდვა-გაყიდვის რეჟიმში ცხოვრობს. ბენდუქიძემ ბრძანა ერთხელ, რომ ყველაფერი იყიდება სინდისის გარდაო და მგონი ის პერიოდი დადგა ახლა, რომ სინდისიც გავიდა ბაზარზე,“-აცხადებს ფილოლოგი, ქართველოლოგი მანანა სოტკილავა.

სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ არის ჩანიშნული. ცნობილია, რომ სხდომას არ დაესწრება ბაგრატიონ-გრუზისნკების ყოფილი სიძე დავით ბაგრატიონ-მუხრანელი. მოსარჩელე მხარეს ხვალ  დავით ბაგრატიონის ყოფილი მეუღლე ანა ბაგრატიონი წარმოადგენს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები