20 აპრილი 2024,   09:18
ვრცლად
ინტენსიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა არის - ალეკო ელისაშვილმა შესაძლოა, მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობისთვის იბრძოლოს   

ინტენსიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა არის ნამდვილად - ეს განცხადება „სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა მთაწმინდის ოლქში გასამართ შუალედურ არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას გააკეთა.  შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში გაზაფხულზე გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ერთ-ერთი კანდიდატი, რომელთანაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკება მიმდინარეობს, ალეკო ელისაშვილია. ამ ინფორმაციას ადასტურებს თავად მერობის ყოფილი კანდიდატიც, თუმცა თავად ელისაშვილს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არსებობს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი ის შუალედურ არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას დააყენებს, ამ შემთხვევაში ის იქნება ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელიც მმართველ ძალას დაუპირისპირდება. 

„რეფერენდუმიც უნდა იყოს. სადღაც ხელისუფლებას ხალხმა პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოიტანოს. აღარ შეიძლება იმ ვითარებაში ცხოვრება, როგორშიც ვცხოვრობთ. რაც შემეხება მე, არ დავმალავ, არის ნამდვილად აზრთა გაცვლა-გამოცვლა, საკმაოდ ინტენსიური იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მე დავაყენებ კანდიდატურას, მაშინ სხვა ოპოზიციური კანდიდატები აღარ დადგებიან და შესაბამისად, გამოვა რომ ვიქნები ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი და დავუპირისპირდები „ქართულ ოცნებას.“ ამასთან დაკავშირებით, ინტენსიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა არის ნამდვილად. ერთადერთხელ გაუვარდათ ყარაულის თოფივით, არ მომაქციეს წესიერი ყურადღება 2014 წელს და არ ელოდნენ საბურთალოზე, რომ მოვიგებდი და ამის შემდეგ, ისინი არავის არსად არ აძლევენ საშუალებას ოპოზიციას, რომ მოაგებინოს და ოპოზიცია ამაში ვეხმარებით, იმიტომ რომ სულ ერთმანეთს კანდიდატურებს ვუყენებთ და დიდი მიზანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ხოლმე ჩვენ ტაქტიკურ ამოცანებთან, რაც არის შეცდომა. ცალ-ცალკე ხელისუფლება ყველას მოგვიგებს,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დადგა დღის წესრიგში. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სწორედ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარის რანგში იმყოფებოდა, თუმცა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მას უფლებამოსილება შეუწყდა.

   

დღის ამბები