20 აპრილი 2024,   16:53
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში - 26 წლის ახალგაზრდა, ორმა პირმა მანქანაში ჩაცხრილა

თბილისის ცენტრში 26 წლის ახალგაზრდა მანქანაში ჩაცხრილეს. გიორგი მღებრიშვილს ექვსი ტყვია აქვს ნასროლი, თუმცა ის გადარჩა. დაზარალებულს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და მას მალე სამართალდამცველებიც დაკითხავენ.

მღებრიშვილს სავარაუდოდ ჩასაფრება მოუწყვეს. მას ცეცხლი ორმა შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა. სისხლიანი დაპირისპირების კონკრეტული დეტალები უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით ახალგაზრდებს შორის წარსულში დაწყებული კონფლიქტი დღეს შურისძიების მოტივით გაგრძელდა. წინასწარი ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ახალგაზრდა გიორგი მღებრიშვილს უთვალთვალებდნენ და ცეცხლი მისი მისამართით მაშინ გახსნეს, როცა ის სახლში ბრუნდებოდა.

თვითმხილველების ინფორმაციით დამნაშავეები სწრაფად მოქმედებდნენ და რამდენიმე გასროლის შემდეგ შემთხვევის ადგილი მანქანით ისევ დელისის მეორე შესახვევით დატოვეს.

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი, იარაღის უკანონოდ ფლობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებით იძიებს. მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალური ფაქტი ქალაქის ცენტრში მოხდა და ირგვლივ არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, ჯერჯერობით უცნობია, მოხდა თუ არა ამ დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირება.

ამავე თემაზე
დღის ამბები