16 ოქტომბერი 2019,   02:37
ვრცლად
5 თვე TBC ბანკზე კიბერთავდასხმიდან - ადგილი, საიდანაც ბანკზე შეტევა განხორციელდა, ბანკის აიტი სამსახურმა დაადგინა 

5 თვე TBC  ბანკზე კიბერთავდასხმიდან - 150 დღეზე მეტია, ქვეყნის უმსხვილესი ბანკი გიორგი გახარიას უწყებას კიბერ თავდასხმის გამოძიებას უშედეგოდ სთხოვს. ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც TBC  ბანკის 2 მილიონამდე მომხმარებლის პირად საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის მოპოვებას და ბანკიდან პერსონალური ინფორმაციის გატანას ცდილობდნენ? ამ კითხვებს გამოძიება არ პასუხობს.

გახარიას უწყებაში არც იმაზე აქვთ პასუხი, რატომ არ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები რუსთაველის 12 ნომერში, შენობაში სადაც „ქართული ოცნების“ ტროლების ე.წ. ფაბრიკა ფუნქციონირებდა და საიდანაც TBC ბანკის მტკიცებით, კიბერთავდასხმა დაიწყო. „კურიერის" ინფორმაციით, სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამსახური რუსთაველის 12-ნომერში, საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად მზად იყო, თუმცა ისინი ზემდგომებმა გააჩერეს.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ქართული ოცნებიდან“ დღეს წასული დეპუტატი დარწმუნებულია, რომ კიბერთავდასხმის საქმეს სურვილის შემთხვევაში გახარიას უწყება გამოიძიებდა. კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ კიბერთავდამსხმელების კვალზე გასასვლელად გამოძიებას საკმარისი 5 თვიანი ვადა ჰქონდა.

დანაშაულის დაფარვასა და მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს შინაგან საქმეთა მინისტრს ხატია დეკანოიძე. პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი აცხადებს, რომ კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტს მსგავსი თავდასხმის გამოსაძიებლად ყველანაირი რესურსი და ტექნიკა აქვს, თუმცა ხატია დეკანოიძის შეფასებით, ამ საქმის ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, კვალი "ქართულ ცნებასთან" მივა. საგამოძიებო უწყებას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს არასამთავრობო სექტორიც.

TBC  ბანკზე მიტანილ კიბერიერიშთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ანრი ოხანაშვილმა არ იცის, ამ საქმესთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან ხელისუფლება დგას.

 

დღის ამბები