16 ოქტომბერი 2019,   02:28
ვრცლად
დაზიანებული ხიდი სოფელ ქარიატაში - 2017 წელს ჩატარებული რეაბილიტაციის მიუხედავად, ხიდი ისევ გამოუსადეგარია 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ხობის მუნიციპალიტეტმა სოფელ ქარიატაში მდებარე დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია სწორად ვერ განახორციელა. 2017 წლის იანვარში დასრულებული სამუშაოებიდან თითქმის ერთ წელში, ხიდი დაზიანდა.

ქარიატაში მცხოვრებლები ხობისწყლის ერთი ნაპირიდან მეორეზე, მხოლოდ ძველი ნავით ხვდებიან. ამ ერთადერთი ტრანსპორტით გადაადგილება დღეში ათობით ადამიანს უწევს. ადგილობრივები ასეთ პირობებში თითქმის 4 თვეა არიან. ხიდი, რომლის ერთი ნაწილიც აღარ არსებობს, ახლადრეაბილიტირებულია. სამუშაოებზე 219 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა ის ახლა დაზიანებულია.  

აუდიტის სამსახური ასევე დაინტერესდა იმითაც, რატომ არ დააჯარიმა ხობის მერიამ ვადაგადაცილებისა და უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო ტენდერში გამარჯვებული კომპანია.

შპს „სინათლე 2006,“ რომელსაც ხიდის აღდგენისთვის მუნიციპალიტეტმა 219 ათასი ლარი გადაურიცხა, ხობის მერის სიძეს, ლევან ჯანჯაღავას ეკუთვნის. ხიდის დაზიანებას კი, არა უხარისხო სამუშაოებს, არამედ სტიქიას აბრალებენ. ხობის მუნიციპალიტეტში პროექტების უხარისხოდ შესრულების გამო, სარჩელი უკვე მზად აქვს ოპოზიციას.

აუდიტის სამსახურს ხობის მუნიციპალიტეტთან კითხვები საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებითაც აქვს. 

გახდება თუ არა აუდიტის სამსახურის ეს დასკვნა ხობის მერის, გოგი ქაჯაიას სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, ჯერ უცნობია. სახელმწიფო აუდიტმა პროკურატურას დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი, ემა გოგოხია. 

 

დღის ამბები