19 მაისი 2019,   21:32
ვრცლად
ცუდ ფაქტთან გვაქვს საქმე, ვხედავთ მცდელობას დაუკავშირონ ის საქმე, რომელიც არის ძიებაში - პრემიერი ანაკლიის პორტზე 

„ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული იმაზე, რომ პროექტის მშენებლობა რაც შეიძლება დროულად დაიწყოს. მოხდეს იმ რესურსების მობილიზაცია, რომელზეც პასუხისმგებლობა იქნა აღებული,“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი დროულად განხორციელდეს.

პრემიერის განცხადებით, ანაკლიის განვითარებისთვის საუკეთესოა კერძო სექტორის მიერ პორტის იდეის რეალიზაცია.

„არ გვსურს, რომ ეს საკითხი უსაშველოდ გაიწელოს. მოხდა რამდენჯერმე საკითხის გადავადება, ჩვენი ამოცანა, ისევე როგორც კონსორციუმის მონაწილეების, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს მშენებლობის პროცესი. ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული და არა იმაზე, რომ ოდესღაც ვიღაცამ კაბალურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებასა და „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით კავშირს ვერ ხედავს. მისი თქმით, 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაწყებული გამოძიება პროექტის განხორციელებას ხელს ვერ შეუშლის.

"ცუდ ფაქტთან გვაქვს საქმე, როცა ვხედავთ მცდელობას, დაუკავშირონ ის საქმე, რომელიც არის ძიებაში, კონკრეტული ტრანზაქციის და შესაძლო პიროვნებების მონაწილეობასთან დაკავშირებით,“- აღნიშნა ბახტაძემ.

დღის ამბები