25 აპრილი 2024,   20:07
ვრცლად
ხმაური გურჯაანის სასამართლოსთან - დავით კირკიტაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნუნუ ნემსიწვერიძემ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გათავისუფლებაზე უარი უკვე მეორედ თქვა.

მოსამართლე ნემსიწვერიძემ დღეს არ მოუსმინა იმ ადამიანებს, ვინც დავით კირკიტაძეს პირად თავდებში უდგებოდა და ვინც გურჯაანში მისივე მოთხოვნით ჩავიდა. მათ შორის, 27 მოქმედი დეპუტატია, რომლებმაც მოსამართლის უარის შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. გურჯაანი სასამართლოს შენობა დღეს პოლიციის ალყაში იყო მოქცეული. სასამართლოსთან შეკრებილებმა მოსამართლის განაჩენი აქციით გააპროტესტს. 

დავით კირკიტაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მოსამართლე ნემსიწვერიძემ მათ შუამდგომლობაზე დაუსაბუთებელი უარი თქვა.

გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ კირკიტაძის პოლიტიკური პატიმრობა ყველა პროცესზე მტკიცდება.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ადვოკატები უკვე ევროსასამართლოსთვის ემზადებიან. საქმით - "კირკიტაძე საქართველოს წინააღმდეგ", ნაციონალური მოძრაობის რეგიონული მდივნის პატიმრობა გასაჩივრდება.

ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ დავით კირკიტაძის თანაგუნდელებიც.

ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება მათ რუსული მეთოდებით ებრძვის.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დღეს მოსამართლე ნემსიწვერიძის წარსულსაც იხსენებდნენ.

მათი ინფორმაციით, სისტემიდან კურიოზული განაჩენისთვის გაშვებული მოსამართლე უკან ქართული ოცნების ხელისუფლებამ დააბრუნა. ერთი თვის წინ კი საერთოდ უვადოდ განამწესა.

პოლიტიკოსების გარდა, დავით კირკიტაძეს თავდებში 2 ათასზე მეტი ადამიანი უდგებოდა. ადვოკატებმა სასამართლოს დღეს 2 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა წარუდგინა. 

დღის ამბები