19 აპრილი 2024,   06:29
ვრცლად
ბრძოლა იუსტიციის მინისტრსა და პრემიერს შორის თეა წულუკიანის გამარჯვებით დასრულდა

ბრძოლა იუსტიციის მინისტრსა და პრემიერს შორის თეა წულუკიანის გამარჯვებით დასრულდა. ულტიმატუმის წაყენებიდან 24 საათში მთავრობის მეთაური იძულებული გახდა, წულუკიანის ყველა მოთხოვნა შეესრულებინა.

დაზავებას კი წინ უძღვოდა თეა წულუკიანის ყვითელი ბარათი - მან პრემიერს დღეს, 12 საათზე, ახალი ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვნების შესასრულებლად ვადა დღის ბოლომდე მისცა.

სიმართლეს პრემიერთან დაპირსპირებაზე თეა წულუკიანი მას შემდეგ იტყვის, რაც თმაში ჭაღარა შეერევა და მოკლე ვარცხნილობას გრძელ ნაწნავზე გაცვლის - იუსტიციის მინისტრმა დღეს ეს გზავნილი ორჯერ გაიმეორა.

თეა წულუკიანის ულტიმატუმთან პრემიერი ბახტაძე დღეს ქართული ოცნების გუნდმა მარტო დატოვა. დილით პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობაში არსებულ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა თავიდან მოიხსნა და თქვა, რომ პრობლემა მამუკა ბახტაძის მოსაგვარებელია.

თეა წულუკიანის ერთგულებაზე და დამსახურებებზე ალაპარაკდნენ მმართველი პარტიის სხვა ლიდერები. წულუკიანს ოცნების მთავრობაში შეუცვლელი მინისტრის სტატუსი მიანიჭეს და თქვეს, რომ მისი წასვლა მმართველი პარტიისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდა.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა წინასწარ თქვა, რომ ინციდენტი ამოწურულია და ივანიშვილის მთავრობის იუსტიციის უცვლელი მინისტრი ისევ პოსტზე რჩებოდა.

ოპოზიციაში სახელისუფლებო ვერტიკალის სრულ ჩამოშლაზე ლაპარაკობენ და ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ამ ბრძოლაში ვინ გაიმარჯვა, რადგან ამ დაპირისპირებით ოცნების მთავრობის მანკიერი მართვის სტილი კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად მუშაობს აგრძელებს. ამბობს, რომ გამარჯვებისთვის ბიძინა ივანიშვილის დახმარება ამ ეტაპზე არ დასჭირვებია. უფრო მეტის თქმას მომავალ კვირას პარლამენტში სამთავრობო საათზე გამოსვლის დროს გეგმავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები