24 მარტი 2019,   15:53
ვრცლად
ფულის გამოძალვა და ფიზიკური ზეწოლა ჯარში - ნაცემ ჯარისკაცს ქაზიმ გახრამანოვს, ნორიოს სამხედრო ნაწილში გადაიყვანენ 

19 წლის ქაზიმ გახრამანოვი სამხედრო სავალდებულო სამსახურს კრწანისის სამხედრო ბაზაზე აღარ მოიხდის. მას სამ დღეში ნორიოს ბაზაზე გადაიყვანენ. 19 წლის ქაზიმ გახრამანოვი კრწანისის სამხედრო ბაზაზე, სადაც ის სავალდებულო ჯარს იხდის,  დღეს გამოიძახეს თუმცა მან ბაზაზე დაბრუნებაზე უარი თქვა და სხვაგან გადაყვანა პირადად თავდაცვის მინისტრისგან ითხოვა.

ქაზიმ გახრამანოვის თქმით, იმ განცხადებების შემდეგ რაც მან გააკეთა კრწანისის სამხედრო ბაზაზე პრობლემები შეექმნებოდა.

ქაზიმ გახრამანოვმა სკანდალური განცხადება, რომ მას ფულს სძალავდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ,  რამდენიმე დღის წინ გააკეთა. გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო. რამდენიმე პირს უფლებამოსილებაც შეუჩერდა.

ქაზიმ გახრამანოვის განცხადებით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ყველა ის პირი ვინც მის მიმართ ძალადობაში მონაწილეობდა დაისჯება.

„სამ დღეში ნორიოს სამხედრო ნაწილში გადამიყვანენ. ასე შევთანხმდით. გვითხრეს ყველა დამნაშავე დაისჯებაო. მე თავიდანვე უარი განვაცხადე აქ დაბრუნებაზე, რადგან ვიცი რომ დამნაშავე სერჟანტების მეგობრები აქ არიან და მერე სულ დაცინვას და კითხვების დასმას დამიწყებენ. ეს კი არასასიამოვნო შედეგებამდე მიგვიყვანს,“-განაცხადა ქაზიმ გახრამანოვმა

მოძალადეების მიმართ მკაცრ სასჯელს ელის ქაზიმ გახრამანოვის მამაც. 

ელდანიზ გახრამანოვის განცხადებით, კარგია, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მისი შვილი სხვა ბაზაზე გააგრძელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურს.

„ასე მითხრეს, რომ ორი სერჟანტია  გათავისუფლებული და მოძალადეებსაც მკაცრი სასჯელი ელით. მე ვამაყობ, რომ ჩემი შვილი თავის სამშობლოს ემსახურება. ეს ჩვენი ქვეყანა. ყველამ ძმურად უნდა ვიცხოვროთ და არე ერთმანეთის დამცირებით. კარგია რომ მოგვისმინეს და ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილეს,“-განაცხადა ქაზიმ გახრამანოვის მამამ ელდანიზ გახრამანოვმა.

შეგახსენებთ, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკური ძალადობისა და ფულის გამოძალვის შესახებ განცხადება,  ქაზიმ გახრამანოვის გარდა კიდევ ერთმა წვევამდელმა გააკეთა, რომელმაც მშობლებს წერილი გამოუგზავნა და დახმარება ითხოვა. ალთუნ აშიროვი უკვე გამოიკითხა. მისი ჩვენების საფუძველზე 7 პირს უფლებამოსილება შეუჩერდა.

 

ავტორი: ნონო გაზდელიანი

დღის ამბები