25 აპრილი 2024,   19:54
ვრცლად
უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მინაშვილების ოჯახი - 4 თვის ჩვილის კვებას დედა კვირაში მხოლოდ რამდენიმე დღე ახერხებს 

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოთხსულიანი ოჯახი - ნახევრად დანგრეული ფიცრული მინაშვილების ოჯახის ერთადერთი თავშესაფარია. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი 4 თვის არის, რომელიც უკიდურესი გაჭირვების გამო, ხშირად მშიერი რჩება. ჩვილის დედა ჰყვება, რომ ბავშვი ზოგჯერ კვირაში მხოლოდ 3 დღე იღებს საკვებს.

მინაშვილების ოჯახი სოფელში ყველაზე ღარიბია, მათი ერთადერთი შემოსავალი 210 ლარია, რომელსაც სოციალური დახმარების სახით იღებენ. იმის გამო, რომ ოჯახს ჩვილის მოვლის საშუალება არ აქვს, სოციალური მომსახურების სააგენტომ ბავშვი დედასთან ერთად, ბებიის სახლში წაიყვანა, თუმცა დროებით.

საკვების გარეშე დარჩენილი ოჯახის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს საცხოვრებელი პირობები. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სახლის შეკეთება სთხოვეს, ამ დრომდე ხის ფიცრული ისევ ავარიულია.

მინაშვილებთან „კურიერის“ გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ, ადგილზე ვანის მერი ჩავიდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მათ დახმარებასაც დაჰპირდა, თუმცა როდის შეუკეთებენ სახლს ჯერჯერობით უცნობია.

4 თვის გოგონა დროებით ბებიასთან იცხოვრებს, მას შიმშილობის გამო ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს, თუკი ჩვილი საჭირო საკვებით არ მომარაგდება შესაძლოა მის განვითარებას პრობლემები შეექმნას.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

დღის ამბები